ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქეები გურამ იმნაძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/19/690 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 21:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქეები გურამ იმნაძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“ და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №690) მიმართა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ და საქართველოს მოქალაქეებმა - გურამ იმნაძემ და სოფიკო ვერძეულმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 17 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. №690 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები ხორციელდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში და, როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი თავის მხრივ ჩამოთვლის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების სახეებს, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სპეციალური სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით განახორციელოს ელექტრონული თვალთვალი, რომელიც მიმართულია კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისკენ“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება და, იმავდროულად, ადგენს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი კი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. №690 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი შეუთავსებელია პირადი ცხოვრების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან, რადგან იგი უშვებს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
6. მოსარჩელეთა მტკიცებით, კანონის მიერ პირადი სივრცის, პირადი ცხოვრების ცნების ქვეშ გაერთიანებული ნებისმიერი სფეროს აღიარება ემსახურება არა მხოლოდ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას, არამედ თითოეული ადამიანის უფლებას, გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ და დაცულად, რადგან პირადი სივრცე სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანი უფრო თავისუფლად და შეუზღუდავად მოქმედებს, ვიდრე საჯარო სივრცეში, იგი არ მოელის, რომ მას აკვირდებიან ან მის საუბარს უსმენენ სხვები, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც თავად უშვებს პირად სივრცეში. შესაბამისად, ადამიანის პირადი ცხოვრების სივრცეში ნებისმიერი სახით შეჭრა, იქნება ეს საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, მიმოწერის შემოწმება, სატელეფონო საუბრის მიყურადება თუ სხვა, იმთავითვე წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდველ ქმედებას.
7. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ პირადი ცხოვრების უფლება დაცულია, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გახმაურების საფრთხე, რადგან კანონისმიერი გარანტიების მიზანია დაიცვას თითოეული პირი სახელწიფოს მხრიდან იმ თვითნებობისა და უფლების ბოროტად გამოყენებისაგან, რაც შეიძლება აღნიშნული ფარული ღონისძიებების უკონტროლო და შეუმოწმებელ გამოყენებას მოჰყვეს (მაგალითად, სახელწიფომ არ მოიპოვოს და გამოიყენოს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი მიზნებისთვისაა აუცილებელი; კონკრეტული პირის შესახებ არ ფლობდეს ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რაც მან, როგორც გარეშე პირმა, არ უნდა იცოდეს).
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პირმა, რომელმაც არ იცის, რომ მის საუბარს გარეშე პირები მოისმენენ, შესაძლოა პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებზე ისაუბროს, რასაც ამგვარი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში არ გაამჟღავნებდა ან რისი გახმაურებაც ზიანს მიაყენებს მის პირად ცხოვრებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საფრთხის შემცველია, როდესაც არ არსებობს ან სათანადოდ ვერ მუშაობს შემზღუდველი ნორმის დამაბალანსებელი, უფლების დამცავი საკანონდებლო და საპროცესო გარანტიები. ამდენად, ისეთი ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, როგორიც არის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული კინო და ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, წარმოადგენს პირად სივრცეში ჩარევის იმდენად რადიკალურ ფორმას, რომელიც საჭიროებს უფლების დაცვის მყარ საკანონმდებლო და საპროცესო გარანტიებს.
9. მოსარჩელეთა აზრით, გარდა იმისა, რომ სადავო ნორმები ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის, ფარული კინო და ფოტოგადაღების, სატელევიზიო კამერებისა და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს სასამართლოს ნებართვის გარეშე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრული არ არის სპეციალური ღონისძიებების ჩატარების წესი ან რაიმე შეზღუდვა ჩატარების ადგილთან, დროსთან ან გარემოებებთან დაკავშირებით - სად, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს აღნიშნული ღონისძიებები. შესაბამისად, სასამართლო კონტროლის არარსებობასთან ერთად, კონსტიტუციური უფლების შელახვის საფრთხეს სადავო ნორმის ბუნდოვანებაც ქმნის. გარდა ამისა, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას“. ამდენად, საიდუმლოებას წარმოადგენს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების ნაწილიც, შესაბამისად, ძნელია იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ზემოთ ხსენებული ფარული ღონისძიებები პრაქტიკაში.
10. მოსარჩელეთა მტკიცებით, პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ სტანდარტს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სპეციალური ღონისძიებების სასამართლოს კონტროლის გარეშე გამოყენება, არამედ ბუნდოვნად ფორმულირებული ნორმაც, რომელიც იძლევა მისი კონსტიტუციის საწინააღმდეგო შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. ნორმის ბუნდოვანება არ შეიძლება გამართლებული იყოს კარგი პრაქტიკის არსებობით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ როგორია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებების ჩატარების პრაქტიკა, სადავო ნორმა იძლევა მისი არაკონსტიტუციურად გამოყენების შესაძლებლობას. სასამართლო კონტროლის არარსებობა, გარდა იმისა, რომ ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ნერგავს საყოველთაო დაუცველობის განცდას და მოლოდინს იმისა, რომ ნებისმიერი პირი კონტრდაზვერვითი სამსახურების დაუსაბუთებელი ვარაუდის საფუძველზე, შესაძლოა გახდეს ამგვარი ხელყოფის მსხვერპლი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოსარჩელეთა განმარტებით, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს საჯარო სივრცეში, ქუჩაში, საჯარო დაწესებულების შენობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და სხვა. საჯარო დაწესებულებაში ორი ან რამდენიმე ადამიანის შეხვედრა და საუბარიც შესაძლოა მოექცეს როგორც პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში, ასევე პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროში, რადგან ფარული ღონისძიებებით უშუალოდ ხდება ჩარევა ინდივიდის უფლებაში, დაამყაროს შეუზღუდავი და თავისუფალი ურთიერთობა საზოგადოებასთან.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“ და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
14. №690 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან უფლებაშემზღუდველი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში ადამიანის უფლებაა, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ განხორციელებული ქმედების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით. სახელმწიფო მოხელის გადაწყვეტილებისა თუ მოქმედების სასამართლოში გასაჩივრება უმთავრესი მექანიზმია უფლების დარღვევისაგან თავის დასაცავად. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ფარული ღონისძიებების შემთხვევაში ადამიანმა არ იცის, რომ მის მიმართ უფლებაშემზღუდველი ქმედება ხორციელდება და, შესაბამისად, არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
15. მოსარჩელეები პარალელს ავლებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლთან, რომელიც განსაზღვრავს ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებს, ასევე ამავე კოდექსის 1433 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმადაც, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას იღებს რაიონული სასამართლოს მოსამართლე პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გამოძიების ადგილის მიხედვით. მითითებული წესები ვრცელდება ყველა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე, მათ შორის ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერაზე, ფარულ კინო და ფოტოგადაღებაზე. მოსარჩელეთა განცხადებით, როდესაც ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული კინო და ფოტოგადაღება ტარდება სისხლისსამართლებრივი გამოძიების მიზნებისათვის, ის ექვემდებარება სავალდებულო სასამართლო კონტროლს და მათი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის განჩინებით, მაშინ როდესაც იგივე ღონისძიებები კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში არ მოითხოვს სასამართლოს ნებართვას. ამდენად, ერთი და იმავე ფარული ღონისძიებებისათვის სხვადასხვა სამართლებრივი სტანდარტია დაწესებული.
16. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფარული ღონისძიებების მთავარ განმასხვავებელს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების მიზანი წარმოადგენს. სსსკ-ის 1431 მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება დანაშაულის გამოძიების მიზნით და მასზე ვრცელდება სისხლისსამართლებრივი გამოძიების წესები. სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების სახეებს და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა ხორციელდება ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
17. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონით, გარდა იმისა, რომ განსაზღვრული არ არის მტკიცებულებითი სტანდარტი დასაბუთებული ვარაუდის სახით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მსგავსად), კონტრდაზვერვითი საქმიანობის მარეგულირებელი აქტების ნაწილი გასაიდუმლოებულია. ამდენად, უცნობია, რა ფაქტების ან მონაცემების მინიმუმი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ კონკრეტული პირი „ეჭვმიტანილად“ იქნეს მიჩნეული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სადაზვერვო ან ტერორისტულ საქმიანობაში და მის მიმართ განხორციელდეს შესაბამისი ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები. შესაბამისად, შეუძლებელია ნეიტრალური ორგანოს მიერ შემოწმდეს, რამდენად საფუძველიანად დაიწყო შესაბამისი ფარული ღონისძიება.
18. მოსარჩელეთა მტკიცებით, იმის გამო, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ ფარული ღონისძიებების გამოყენება, იმის მიუხედავად, წარმოადგენს თუ არა ეს აუცილებლობას და შესაძლებელია თუ არა ინფორმაციის მოპოვება სხვა საშუალებებით. სტანდარტის არსებობის შემთხვევაშიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს მაკონტროლებელი მექანიზმი სასამართლოს სახით, შეუძლებელი იქნებოდა იმის შემოწმება, დაცულია თუ არა სტანდარტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლის არარსებობა ეჭვქვეშ აყენებს უფლების შეზღუდვისადმი დადგენილ უმთავრეს მოთხოვნას, რომ შეზღუდვა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.
19. მოსარჩელენი დამატებით აღნიშნავენ, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური მისი საქმიანობის მიმართულების მიხედვით ახდენს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა პრევენციას, გამოვლენას, აღკვეთას და გამოძიებას. ამასთან, გამოძიებას ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების შესაბამისად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება სამსახურს მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეუძლია, მაშინ როდესაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში იგივე ქმედებებს სასამართლო კონტროლის გარეშე ახორციელებს. იმ პირობებში, როდესაც უსაფრთხოების სამსახურს მიენიჭა გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება და ორი განსხვავებული ფუნქცია არის თავმოყრილი ერთი სამსახურის ხელში, იზრდება თვითნებობის საფრთხე და ცდუნება იმისა, რომ ანალიტიკური მიზნებით მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება სისხლის სამართლებრივი გამოძიების მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული, რადგან ასეთ დროს სამსახური წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს. ამ ყოველივეს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ არ არსებობს მკვეთრი მიჯნა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლებსა და კონტრდაზვერვითი საქმიანობით მოპოვებულ ინფორმაციას შორის.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“ და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტსაც.
21. №690 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ფარული ღონისძიების განხორციელებას სასამართლოს ნებართვის გარეშე, ქმნის უფლებამოსილების გადამეტების ან უფლების ბოროტად გამოყენების რისკებს. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი კი სპეციალურ სამსახურებს შესაძლებლობას აძლევს, სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მონაწილის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განახორციელონ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა.
22. მოსარჩელეთა განმარტებით, საუბრის ერთ-ერთი მონაწილის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ შეიძლება მოაზრებულ იქნეს სასამართლო ნებართვის ალტერნატივად, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული უფლების თვითნებური და გაუმართლებელი შეზღუდვისგან დაცვის სათანადო გარანტიებს. წერილობითი თანხმობის მიმცემი ვერ იქნება ქმედების ობიექტი, რადგან იგი ნებაყოფლობით ამჟღავნებს მის მიერ წარმოებული სატელეფონო საუბრისა თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით გაკეთებული შეტყობინებების შინაარს და, შესაბამისად, აღარ არსებობს მის მიმართ ქმედების ფარულად განხორციელების საჭიროება. ეს ადამიანი წარმოადგენს სხვა პირის მიმართ ელექტრონული თვალთვალის განხორციელების საშუალებას. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ე.წ. შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალისას ფარული ღონისძიების ობიექტს წარმოადგენს პირი, რომელმაც არ იცის, რომ აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება.
23. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა წარმოადგენს სასამართლო კონტროლისადმი თავის არიდების მარტივ საშუალებას, რამდენადაც სპეციალური სამსახურები ფარული ღონისძიების ობიექტზე დაკვირვების უფლებას მოიპოვებენ სასამართლოს ნებართვის გვერდის ავლით, ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილის თანხმობით. სადავო ნორმით ისიც კი არის განსაზღვრული, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ელექტრონული კავშირის მონაწილენი, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სპეციალური სამსახურების მხრიდან ელექტრონულ თვალთვალზე უფლების მოპოვების პროცედურას. ელექტრონული კავშირის მონაწილე შესაძლოა სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელს (აგენტს) წარმოადგენდეს, რომელიც მოტყუებით წინასწარ შედის კონტაქტში ფარული ღონისძიების ობიექტთან, მოიპოვებს მის ნდობას და შემდეგ როგორც ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე გასცემს წერილობით თანხმობას.
24. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანია, თუ რა შეიძლება გახდეს კონკრეტული პირის „ეჭვმიტანილად“ მიჩნევის და მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის განხორციელების საფუძველი. გარდა ამისა, შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალისას, როდესაც ელექტრონული კავშირი მყარდება რამდენიმე პირს შორის, ზოგიერთი მათგანი შეიძლება საერთოდ არ წარმოადგენდეს სპეციალური სამსახურების ინტერესის ობიექტს, ანუ კონტრდაზვერვითი საქმიანობა და სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები არ ხორციელდებოდეს უშუალოდ მათ მიმართ და მათი მიზეზით. ასეთ დროს სასამართლოს ნებართვის არარსებობით ირღვევა როგორც ფარული ღონისძიების ობიექტების - რომელთა მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები, ისე მესამე პირთა პირადი ცხოვრების უფლება.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მტკიცებით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტსაც.
26. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობაზე და სადავო ნორმები გამოაცხადოს ძალდაკარგულად, რადგან ისინი შეიცავენ იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 და 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილებებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, განჩინებით ძალადაკარგულად ცნოს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“ და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, რადგან აღნიშნული სიტყვები წარმოადგენს იდენტური შინაარსის ნორმებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
2. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები ხორციელდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში და, როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სპეციალური სამსახური უფლებამოსილია, ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით განახორციელოს ელექტრონული თვალთვალი, რომელიც მიმართულია კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისკენ“.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.
4. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ საქმეში, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს, სადავო ნორმები წარმოადგენს თუ არა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო №2/1/484 და №1/2/519 გადაწყვეტილებებით.
5. №2/1/484 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი. თავის მხრივ, აღნიშნული კანონის იმდროინდელი რედაქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი შინაარსის იყო: „თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე“.
6. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმა იძლეოდა შესაძლებლობას, სატელეფონო საუბრის მიყურადება, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებით განსაზღვრული დროით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებულიყო. შესაბამისად, სადავო ნორმა სასამართლო ზედამხედველობის გარეშე ტოვებდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებდა სატელეფონო საუბრებზე მიყურადებას, ფარულ გადაღებას ან ჩაწერას კონსტიტუციით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე.
7. ზემოხსენებულ საქმეზე ნორმის განმარტების შედეგად გამოვლინდა, რომ სადავო რეგულაციით ხდებოდა მოსამართლის მიერ განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელების უფლებამოსილების პროკურორისათვის მინიჭება. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ „სადავო ნორმა ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას სასამართლო გადაწყვეტილების ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის პირობებში, შესაბამისად, იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 24).
8. №1/2/519 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დახურული ხასიათის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდებოდა იმავე ნორმის სიტყვებს „ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება“. თავის მხრივ, აღნიშნული კანონის იმდროინდელი რედაქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავდა ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სახეს, როგორიცაა ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი. აღნიშნული ღონისძიება გულისხმობდა გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას და მათში მონაწილეობას, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.
9. მოსარჩელეებს ნორმა პრობლემატურად მიაჩნდათ იმდენად, რამდენადაც მის საფუძველზე ოპერატიულ მუშაკს შესაძლებლობა ჰქონდა, ფარულად დაკვირვებოდა ინტერნეტურთიერთობას იმგვარად, რომ ამის შესახებ ამ ურთიერთობის მონაწილეებისთვის არ ყოფილიყო ცნობილი. მოსარჩელეთა განმარტებით, მაშინ როდესაც ურთიერთობის მონაწილეებისთვის ცნობილი არ არის, რომ მათ ურთიერთობას აკვირდებიან, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ სასამართლო კონტროლის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.
10. ზემოხსენებულ საქმეზე ნორმის განმარტების შედეგად გამოვლინდა, რომ სადავო ნორმა როგორც დამოუკიდებლად, ისე სისტემური განმარტების შედეგად ითვალისწინებდა აღნიშნული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ჩატარებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიუხედავად კანონმდებლის ზოგადი მისწრაფებისა, რომ უფლებაში ჩარევის ასეთი შემთხვევები სასამართლო კონტროლს დაქვემდებარებოდა, ამ პოზიციის სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებზე გავრცელების ვალდებულება არ გამომდინარეობდა არც სადავო ნორმიდან და არც ზოგადად კანონმდებლობიდან. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, „ვინაიდან სადავო ნორმა ითვალისწინებს დახურულ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას სასამართლოს ბრძანების გარეშე და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლების არარსებობის პირობებში, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 34).
11. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩლის მოსაზრებას, რომ განსახილველ საქმეში სადავო ნორმები წარმოადგენს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო №2/1/484 და №1/2/519 გადაწყვეტილებებით, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის. ამასთანავე, აღნიშნულ გადაწყვეტილებებში სასამართლოს არ უმსჯელია მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გარდა სადავო ნორმების სხვა კონსტიტუციურ მუხლთან მიმართებით. მოქმედი სადავო ნორმები კი შეეხება ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების გამოყენებას კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, რის შესახებაც სასამართლოს არასდროს უმსჯელია. შესაბამისად, ამ ღონისძიებების გამოყენებას კონტრდაზვერვის მიზნებისთვის შესაძლოა განსხვავებული მიზნები და ფარგლები ჰქონდეს, წარმოშობდეს განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობებს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებთან მიმართებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებს არ აქვს იგივე შინაარსი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო №2/1/484 და №1/2/519 გადაწყვეტილებებით. შედეგად, არ არსებობს საფუძველი მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №690 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №690 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“ და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა