საქართველოს მოქალაქე ს.გ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/2/864 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 12 ოქტომბერი 2017 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის N1/2/864 განჩინებაზე
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის N1/2/864 განჩინების თაობაზე. კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც გადაწყდა ხსენებული განჩინების დეპერსონალიზაციის (პერსონალურ მონაცემთა დაფარვის) სავალდებულოობა. უფრო კონკრეტულად, წინამდებარე განსხვავებული აზრი არ შეეხება N864 კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოების შეწყვეტას.
2. 2017 წლის 12 ოქტომბრის N1/2/864 განჩინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ განჩინების გამოქვეყნებისას, საკანონმდებლო მაცნეში გაგზავნისას ან/და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას მოხდეს მოსარჩელის სახელისა და გვარის დაფარვა, ან/და ინიციალებით „ს.გ.“ ჩანაცვლება (დეპერსონალიზაცია). შემდგომში მოყვანილი არგუმენტების გამო ვერ გავიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის N1/2/864 განჩინებაში ჩემი კოლეგების მიერ გამოხატულ პოზიციას.
3. უპირველესად, ყურადღებას გავამახვილებ განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც დგინდება საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის დეპერსონალიზაციის სავალდებულოობა მისი გამოქვეყნების, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისას და საკანონმდებლო მაცნეში გაგზავნისას. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება წარმოადგენს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების არსებით შემადგენელს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების საბოლოო ეტაპს, რომელსაც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის ძალაში შესვლის საკითხი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, „საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება“. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-10-მე-13 პუნქტების თანახმად, ასევე, აქტის სრული ტექსტი ეგზავნება „საქართველოს საკანომდებლო მაცნეს“.
4. საქმის დასახელება, მოსარჩელე და მოპასუხე მხარის, საქმის განხილვის მონაწილეების ვინაობა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის განუყოფელ ნაწილს. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის დეპერსონალიზაციის ან მონაცემთა სხვაგვარი დაფარვის შედეგად, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს სრული ტექსტი ვერ გამოქვეყნდება და, შესაბამისად, ვერ შესრულდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოხსენებული მოთხოვნები.
5. 2017 წლის 12 ოქტომბრის N1/2/864 განჩინება, მოსარჩელის პერსონალური ხასიათის მონაცემების დაშიფვრისას, ემყარება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონს (განჩინება, II-5; 7; 9). კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილში დეპერსონალიზაციის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, აგრეთვე მე-6 მუხლი. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ნამდვილად მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის დეპერსონალიზაციას, იგი წინააღმდეგობაში მოვა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონი წარმოადგენს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტს საქართველოს კანონთან მიმართებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებით და გამოექვეყნებინა აქტის სრული ტექსტი. შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებისა თუ მონაცემთა დეპერსონალიზაციის სამართლებრივი საფუძველი.
6. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული აქტების სასამართლოს ვებგვერდსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ სავალდებულო გამოქვეყნებას, ვფიქრობ, ზოგადად, აზრი ეკარგება სასამართლოს აქტის დეპერსონალიზაციას მისი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას. თუმცა, მსურს ცალკე აღვნიშნო განჩინების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლითაც სავალდებულოა დეპერსონალიზაცია მისი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას.
7. საჯარო ინფორმაციის გაცემა წარმოადგენს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციულ ფუნქციას. საჯარო ინფორმაციის გაცემა, ასევე მასზე უარის თქმა ან/და მოთხოვნილი ინფორმაციის დეპერსონალიზაცია ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე”. ზოგადად, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში იმ კონკრეტულ თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, ეს თითოეული საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული მართვის მახასიათებლებიდან გამომდინარეობს.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულების მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტის კომპეტენციას. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია იქმნება და ფუნქციონირებს მხოლოდ საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების მიზნებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და პლენუმისგან განსხვავებით, არც კანონმდებლობით და არც საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით კოლეგია არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ესა თუ ის ადმინისტრაციული საკითხი. აქედან გამომდინარე, სათუოა, ზოგადად, რამდენად შეიძლება გააჩნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული უფლებამოსილება. აღსანიშნავია, რომ განსახილველი კონსტიტუციური სარჩელი (N864) წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებობის მანძილზე პირველად, მიიღო საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში გამოცემულ აქტებში გარკვეული მონაცემების დაფარვის გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როდესაც, ამ კუთხით, არ შეცვლილა საკანონმდებლო ბაზა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია რაიმე სახის შიდასამართლებრივი აქტი მსგავსი საკითხების მოსაწესრიგებლად.
9. არ გამოვრიცხავ, რიგ შემთხვევებში აუცილებელი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტში გარკვეული მონაცემების დაფარვა, მათ შორის, დეპერსონალიზაციის ფორმით, თუმცა, აღნიშნული ქმედების სამართლებრივი საფუძველი ვერ იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამგვარ საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგალითისთვის, შესაძლოა მიიჩნიოს და იხელმძღვანელოს უშუალოდ კონსტიტუციის შესაბამისი დანაწესით, სათანადო განმარტების მოხმობით.
10. განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხი შეეხება ოჯახურ ძალადობას და, ამდენად, უნდა მოხდეს დეპერსონალიზაცია (განჩინება, II-6). ხაზგასასმელია, რომ თავად მოსარჩელეს, არც სარჩელში და არც სარჩელის შემოტანის შემდგომ, არ მოუთხოვია პერსონალური მონაცემების დაფარვა, ასევე არ დაუყენებია რაიმე სახის შუამდგომლობა, რომელიც ირიბად მაინც მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს სურს/ითხოვს პერსონალური მონაცემების დაფარვას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა ამგვარი მოთხოვნა არც იყოს საჭირო (მაგალითად, როდესაც საკითხი არასრულწლოვნის ინტერესებს შეეხება), თუმცა ოჯახური ძალადობის საკითხი შესაბამისი აქტის დეპერსონალიზაციის აუცილებლობას თავისთავად არ გულისხმობს და განსახილველ შემთხვევაში, ვფიქრობ, არც მსგავსი ინტერესი იკვეთება.
11. ოჯახური ძალადობა წარმოადგენს საზოგადოების წინაშე არსებულ ერთერთ მთავარ გამოწვევას სწორედ მისი ფარული ბუნების გამო და ეს ფარულობა განაპირობებს ამ ქმედებასთან ბრძოლის სირთულეს. აქედან გამომდინარე, ზოგადად, აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ოჯახური ძალადობისა და მასზე სახელმწიფო რეაგირებასთან დაკავშირებული საკითხები მაქსიმალურად იყოს ღია. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს ოჯახური ძალადობის ყველა შემთხვევის უპირობო საჯაროობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გაუმართლებლად მიმაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების დეპერსონალიზაცია, როდესაც ამას არც სრულწლოვანი მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი არ ითხოვს. ასევე, აღსანიშნავია, რომ არც არსებითი განხილვის სხდომაზე (და ეს სხდომის ოქმიდანაც იკვეთება), მოსარჩელე მხარეს თავად არ მოუთხოვია სხდომის დახურვა ან/და საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის დეპერსონალიზაცია. მოსარჩელემ მხოლოდ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების დაშიფვრის თაობაზე.
12. მსურს ყურადღება გავამახვილო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის N1/24/857 და N1/23/693 საოქმო ჩანაწერებზე. აღნიშნულ საქმეებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას დეპერსონალიზაციის საკითხს შეეხება. მითითებულ საქმეებში სადავოდ არის ასევე გამხდარი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომელიც წინამდებარე განჩინების დეპერსონალიზაციის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლადაა მიჩნეული. სხვაგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განსახილველი განჩინება, დეპერსონალიზაციის ნაწილში, ემყარება იმ ნორმას, რომლის კონსტიტუციურობა ამავე კოლეგიამ უნდა შეაფასოს N857 და N693 კონსტიტუციურ სარჩელების გადაწყვეტისას.
13. ვფიქრობ, დეპერსონალიზაციის სამართლებრივ საფუძვლად იმ საკანონმდებლო ნორმების გამოყენება, რომელთა კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა შეაფასოს, შესაძლოა წარმოადგენდეს პრობლემურ გარემოებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, არსებობის მანძილზე, არასდროს მოუხდენია მისი აქტის დეპერსონალიზაცია და, ამ თვალსაზრისით, ნორმატიული სივრცე არ შეცვლილა.
14. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის N1/2/864 განჩინების დეპერსონალიზაციის სამართლებრივი საფუძველი ან/და საჭიროება მისი გამოქვეყნებისას, საკანონმდებლო მაცნესთვის გაგზავნისას თუ საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას, რაც დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის N1/2/864 განჩინებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი კვერენჩხილაძე
12 ოქტომბერი, 2017.