საქართველოს მოქალაქე ს.გ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/864 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 15 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 თებერვალი 2017 12:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი,
მაია კოპალეიშვილი - წევრი,
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ს. გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით; ბ) „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „1 თვემდე ვადით“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №864) მიმართა საქართველოს მოქალაქე ს. გ.-მ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 29 დეკემბერს. №864 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 15 თებერვალს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის შესაძლებლობას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-6 ნაწილი კი ადგენს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, მე-15 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად კი, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე 2009 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. მან არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვა მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ამ უკანასკნელის მხრიდან სისტემატიურად განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამო, თუმცა ამგვარი შემაკავებელი ორდერი პოლიციის მიერ გამოცემულ იქნა მხოლოდ 2016 წლის 6 ივლისს და შემდგომ დამტკიცებულ იქნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმების ერთი ნაწილი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ან უარი თქვას მის გამოცემაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოჯახში ძალადობის ფაქტი იდენტიფიცირებულია და არსებობს მისი განმეორების შესაძლებლობა. მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმა პოლიციელს ანიჭებს შესაძლებლობას, ბოროტად გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება, საკუთარი სუბიექტური შეხედულებების ან მოძალადესთან რაიმე სახის კავშირის არსებობის გამო უარი თქვას შემაკავებელი ორდერის გამოყენებაზე და შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით, რომელიც არ წარმოადგენს მსხვერპლის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს და არანაირი იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოში დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისათვის გამოიყენა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება და ეს შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს შემდგომ ამტკიცებს სასამართლო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამგვარი ორდერის დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი პოლიციელის დისკრეციული უფლებამოსილების გაუქმებით მოძალადეს არ ეზღუდება დაცვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე. სადავო ნორმათა არსებობის პირობებში კი, საქმე შესაძლებელია საერთოდ ვერ მივიდეს სასამართლომდე, რაც დაცვის გარეშე ტოვებს მსხვერპლს და შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ამ უკანასკნელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი დამოკიდებული უნდა იყოს მის ადეკვატურ ნორმატიულ მოწესრიგებაზე და არა პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმათა ის ნაწილი, რომელიც ადგენს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის დისკრეციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ ნაწილს. მოსარჩელის პოზიციით, ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის ადეკვატური კანონმდებლობის არსებობითა და მისი ეფექტური აღსრულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს ადამიანის სიცოცხლისათვის შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან. კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვისაკენ, უნდა იყოს საკმარისად განჭვრეტადი და ეს მოთხოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის ძალადობისგან ეფექტურად დაცვის საჭიროება.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმათა ის ნაწილი, რომელიც ადგენს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის დისკრეციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე, ასევე ლახავს ადამიანის ღირსებას. მოსარჩელის მითითებით, ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს რამდენიმე მიმართულებით: ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობით, ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფით კანონის საფუძველზე და კანონის გამოყენების პროცესში. დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და თავად აღნიშნული კანონები აღსრულდება ადეკვატურად. შესაბამისად, სახელმწიფოს განხორციელებული ნებისმიერი თვითნებური ქმედება ამ მიმართულებით წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის ღირსების უფლებასთან. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები არსებითად არღვევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ ინტერესებსა და ღირსებას, იწვევს დაუცველობის, უმწეობის და უიმედობის განცდას, რადგან ამ უკანასკნელთ ტოვებს პოლიციის მიერ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების იმედად, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც გამოიყენება.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმათა მეორე ნაწილი განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. მოსარჩელის მითითებით, შემაკავებელ და დამცავ ორდერებს გააჩნია იდენტური მიზნები - ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირება, მსხვერპლის დაცვა და მოძალადის გარკვეულ ქმედებათა შეზღუდვა, განსხვავდება მხოლოდ გამოცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო და მათდამი მიმართვის სუბიექტები. აღნიშნულის მიუხედავად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით, ხოლო დამცავ ორდერს სასამართლო გამოსცემს 6 თვემდე ვადით. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება დამცავი ორდერის დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლისგან განსხვავებით და ამგვარ მოპყრობას არ აქვს გონივრული გამართლება. სადავო ნორმებით დადგენილი ვადა ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის მინიმალურ დაცვასაც კი, რადგან შეუძლებელია მითითებულ დროში დაიგეგმოს ამ უკანასკნელის დაცვის ღონისძიებები.
11. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კანონის წინაშე თანასწორობა გულისხმობს ყველასთვის იმ თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობის შესაძლებლობას, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე და ასევე თანაბარ ვალდებულებებს უკავშირდება. სახელმწიფო ვალდებულია, არსებითად მსგავსი შემთხვევები დაარეგულიროს ერთგვაროვნად და პირიქით. ერთგვაროვან შემთხვევებს შორის არსებული მცირედი განსხვავება ვერ გამოდგება მათი განსხვავებულად რეგულირების არგუმენტად. ამასთან, განსხვავებული მოპყრობა არ უნდა იყოს თვითნებური და უკავშირდებოდეს კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანს.
12. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. უპირველეს ყოვლისა, “სარჩელში მოყვანილი ... მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412, II-8). ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება N1/7/561, 568, II-3).
3. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „1 თვემდე ვადით“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების მაქსიმალური, ერთთვიანი ვადა მოსარჩელე მხარეს პრობლემურად მიაჩნია დამცავი ორდერის მოქმედების 6 თვიან ვადასთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, შემაკავებელი და დამცავი ორდერების იდენტური მიზნების მიუხედავად, შემაკავებელი დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება დამცავი ორდერის დაცვის ქვეშ მსხვერპლთან მიმართებით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია, რომ სადავო ნორმა იწვევდეს დიფერენცირებულ მოპყრობას, კერძოდ, ადგენდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას ან პირიქით.
5. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ადგენს მაქსიმალურ ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია მოქმედებდეს შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელ ორდერს ოჯახში ძალადობის უკვე არსებულ ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, დროებითი ღონისძიების სახით, გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი და 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი 1 თვიანი ვადა მოქმედებს ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისათვის გამოცემულ ყველა შემაკავებელ ორდერთან მიმართებით, შესაბამისად, აღნიშნული ნორმები ვრცელდება ამგვარი ძალადობის ყველა მსხვერპლის ან შესაძლო მსხვერპლის მიმართ. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აღნიშნული მაქსიმალური ვადის ფარგლებში თითოეული ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით განსაზღვროს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა. სადავო ნორმებით არ ხდება კონკრეტული კატეგორიის მსხვერპლთა მიმართ განსხვავებული, დიფერენცირებული ვადის დაწესება.
6. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო სამართლებრივი აქტები დამცავი ორდერის გამოცემის წინაპირობებს, გამოცემაზე უფლებამოსილ სუბიექტებს და მოქმედებს ვადებს განსაზღვრავს ცალკე, შემაკავებელი ორდერისგან დამოუკიდებლად. კერძოდ, შემაკავებელი ორდერისგან განსხვავებით, რომელსაც კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს თავად მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამგვარად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, ასევე სხვა ზემოთ ჩამოთვლილ პირს უფლება აქვს, შემაკავებელი ორდერის არსებობა/არარსებობის ფაქტისაგან დამოუკიდებლად, თავად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დამცავი ორდერის გამოყენება, რომლის მოქმედების მაქსიმალური ვადა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეადგენს 6 თვეს და რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასამართლო.
7. ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ (ან პირიქით). სადავო ნორმით განსაზღვრული შემაკავებელი ორდერის, აგრეთვე დამცავი ორდერის მოქმედების მაქსიმალური ვადა თანაბრად მოქმედებს ოჯახში ძალადობის ნებისმიერი მსხვერპლის დასაცავად. კერძოდ, ნებისმიერი მსხვერპლი, რომელიც მოექცევა შემაკავებელი ორდერის დაცვის ქვეშ, ისარგებლებს ამგვარი ორდერით არაუმეტეს 1 თვის ვადით. ანალოგიურად, ნებისმიერი პირი, ვისზეც გაიცემა დამცავი ორდერი, ისარგებლებს აღნიშნული ორდერის მოქმედებით, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამდენად, სადავო ნორმებს აქვს ნეიტრალური შინაარსი და არ იწვევს დიფერენცირებულ მოპყრობას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართების წარმოსაჩენად აუცილებელია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია იწვევდეს დიფერენცირებულ მოპყრობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №864 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „1 თვემდე ვადით“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
9. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს მათ შორის ადეკვატური კანონმდებლობის არსებობითა და მისი ეფექტური აღსრულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს ადამიანის სიცოცხლისათვის შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ ღირებულებას, რომლის გარეშე საფუძველი ეცლება ფაქტობრივად ყველა კონსტიტუციურ უფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი №3/9/682, II-14). კონსტიტუციის მე-15 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს როგორც ნეგატიურ ვალდებულებას - არ ხელყოს თავად ადამიანის სიცოცხლე, ასევე პოზიტიურ ვალდებულებას - მიიღოს ყველა საჭირო და ადეკვატური ზომა პირთა სიცოცხლის დაცვის მიზნით, მათ შორის ეფექტური პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისა და გამოყენების გზით, რათა დაცულ იქნას პირის სიცოცხლის უფლება სხვა ინდივიდის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
11. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ადგენს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესაძლებლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, შემაკავებელი ორდერი თავისი არსით წარმოადგენს ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმს, დროებით ღონისძიებას, რომელსაც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი მიმართავს ამგვარი ძალადობის ფაქტის არსებობისას მასზე მყისიერი, ოპერატიული რეაგირების მიზნითა და მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებელი პოლიციელს შესაძლებლობას ანიჭებს, გაითვალისწინოს ძალადობის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოცემის საჭიროება და განსაზღვროს, თუ კანონით გათვალისწინებულ რომელ ღონისძიებებს უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული ორდერი, ერთი მხრივ, მსხვერპლის დაცვისა და, მეორე მხრივ, მოძალადის ქმედებების შეზღუდვისათვის.
12. იმისათვის, რომ დადგინდეს სადავო ნორმებით დადგენილი, შემაკავებელი ორდერის გამოცემის დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, რამდენად წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში, მნიშვნელოვანია, სადავო ნორმათა გაანალიზება მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის ერთიან კონტექსტში. „... სადავო ნორმა არ უნდა იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგან ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2/389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6).
13. პირველ რიგში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით“. ამგვარად, ოჯახში ძალადობა არ უკავშირდება მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას ან ძალადობის იმგვარ სახეს, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ იყოს. მაგალითისათვის, ეკონომიკური ძალადობა, ამავე კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად უკავშირდება ქმედებას, რომელიც იწვევს, მათ შორის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, ამგვარი ტიპის ოჯახური ძალადობის ფაქტზე რეაგირებისათვის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება თავისთავად არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის უფლებას და ვერ ჩაითვლება ჩარევად საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. თუმცა, აღნიშნული იმთავითვე არ გამორიცხავს, რომ მსგავს შემთხვევებში შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლებამოსილება (და არა ვალდებულება) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებული იქნას კონსტიტუციით დაცულ სხვა ძირითად უფლებებთან მიმართებით.
14. ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებით, ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას, როდესაც თავად ამგვარი ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით საფრთხე ემუქრება მსხვერპლს, მათ შორის შესაძლებელია საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს, შემაკავებელი ორდერის გაცემის უფლებამოსილებისაგან დამოუკიდებლად, კანონმდებლობა ადგენს პოლიციის პირდაპირ ვალდებულებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის პირდაპირ ვალდებულებას, განახორციელოს ამავე მუხლში ჩამოთვლილი ქმედებები, კერძოდ, მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა თავშესაფარში („დ“ ქვეპუნქტი), ასევე „საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება („ვ1“ ქვეპუნქტი). მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის ქმედების შეზღუდვის აღნიშნული ღონისძიებები ასევე შესაძლებელია განისაზღვროს შემაკავებელი ორდერით, რომლის გამოცემის დისკრეციული უფლებამოსილებით პოლიცია სარგებლობს, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მოძალადისაგან მსხვერპლის გარიდების აუცილებლობა, მათ შორის, ამ უკანასკნელის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო, პოლიციას აქვს არა შესაძლებლობა, არამედ პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება მისი თავშესაფარში მოთავსების ან მოძალადის გარიდების გზით.
15. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები არ გულისხმობს მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ზომების გამოყენებას, როგორიცაა დამცავი ან შემაკავებელი ორდერების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახში ძალადობის ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სახელმწიფოს მხრიდან ხდება სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება, მათ შორის შესაძლებელია დაუყოვნებლის მოხდეს მოძალადის დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-171 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, რაც იმთავითვე გულისხმობს მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სიცოცხლისათვის არსებული საფრთხის აღკვეთას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებს არ გააჩნია ის შინაარსი, რომელიც მოსარჩელე მხარეს პრობლემურად მიაჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. იმ შემთხვევებში, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიმართ განსაზღვრავს პირდაპირ ვალდებულებას, უზრუნველყოს მსხვერპლის დაცვა, ამ უკანასკნელის თავშესაფარში გადაყვანის ან მოძალადისაგან გარიდების გზით. აღნიშნული არ უნდა იქნეს მოაზრებული პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მის ფარგლებში ამგვარი ღონისძიებების გამოყენების დისკრეციული უფლებამოსილების ნაწილად. შესაბამისად, №864 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. №864 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №864 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ს. გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №864 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ს. გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №864 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ს. გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „1 თვემდე ვადით“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა