თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4/649 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 10 ივნისი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №649) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე - ნათია ქუთათელაძე). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 27 მაისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით, „იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
5. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მაია რუხაძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება მაია რუხაძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხე თბილისის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მაია რუხაძის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არა უმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ და მაია რუხაძემ. ამ უკანასკნელმა მოითხოვა, მათ შორის, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სრული ოდენობით.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 30 აპრილს შეაჩერა საქმის წარმოება მაია რუხაძის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების დათქმა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე, არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თუკი სასამართლოს მიერ დადგინდება საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, სადავო ნორმამ შესაძლოა აღნიშნულ მოხელეს შეუზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრულად ანაზღაურების უფლება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს №649 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის №649) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს პარლამენტს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
მერაბ ტურავა
მაია კოპალეიშვილი
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი