თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/649 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №649) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე - ნათია ქუთათელაძე). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 27 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 10 ივნისის №3/4/649 საოქმო ჩანაწერით №649 კონსტიტუციური წარდგინება მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით, „იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
5. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მაია რუხაძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება მაია რუხაძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხეს - ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მაია რუხაძის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არა უმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ და მაია რუხაძემ. ამ უკანასკნელმა მოითხოვა, მათ შორის, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სრული ოდენობით.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 30 აპრილს შეაჩერა საქმის წარმოება მაია რუხაძის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადება, რომელიც ადგენს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებას არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თუკი სასამართლოს მიერ დადგინდება საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, სადავო ნორმამ შესაძლოა აღნიშნულ მოხელეს შეუზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრულად ანაზღაურების უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. განსახილველ საქმეში კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის სასამართლოს მიერ თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადებით დადგენილი რეგულაცია, რომლის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია, მოპასუხეს დააკისროს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მხოლოდ სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის პირისთვის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა 2015 წლის 10 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების დროისათვის სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება №2/3/630 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა №649 კონსტიტუციურ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
5. დასახელებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილის სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად მიიჩნია საჯარო სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული პირისთვის იძულებით მოცდენილი პერიოდის არა სრული, არამედ სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ანაზღაურების წესი. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანის ერთიანი, კონკრეტულად განსაზღვრული ოდენობის დადგენა ნებისმიერი უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის და ნებისმიერი უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევისათვის, საქმის და მოხელის კონკრეტული ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
6. შესაბამისად, სადავო ნორმამ - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადებამ იურიდიული ძალა დაკარგა №649 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის ეტაპზე.
7. განსახილველ წარდგინებაში წამოჭრილი სამართლებრივი პრობლემა, №2/3/630 გადაწყვეტილებაში განხილული საკითხის იდენტური შინაარსის მატარებელია. ორივე საქმეში კონსტიტუციური წარდგინების ავტორებისთვის არაკონსტიტუციურ რეგულაციას წარმოადგენს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში დასახელებულ ორგანოთა მიერ პირისთვის უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც კონკრეტული სადავო ნორმის შემთხვევაში სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის იძულებით გაცდენილი პერიოდის გარკვეული ვადით და არა სრული მოცულობით ანაზღაურებას ითვალისწინებს. მოყვანილ გადაწყვეტილებაში სწორედ ასეთი რეგულაცია იქნა მიჩნეული არაკონსტიტუციურად. შესაბამისად, განსახილველ საქმეში არ არსებობს ისეთი საკითხის გადაწყვეტის საჭიროება, რომელზე პასუხიც არ არის გაცემული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ №649 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვა და მისი გადაწყვეტა არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, საქმის განხილვის მომენტისათვის წარდგინების ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია. ამავე დროს, სახეზე არ არის სამართალწარმოების გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოება №649 კონსტიტუციურ წარდგინებაზე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს №649 კონსტიტუციურ წარდგინებაზე („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი