საერთაშორისო ურთიერთობები

ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის წევრი (BBCJ)საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 4 აპრილს თბილისში, დასრულდა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) წევრ საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით მიმდინარეობდა. ღონისძიებას საქართველოს, ლიტვის, მოლდოვის და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) განცხადებას წევრქვეყნებში ოკუპირებული ტერიტორიებზე აგრესიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ.

ასოციაციის წევრი საკონსტიუციო სასამართლოები (საქართველო, ლიტვა, მოლდოვა და უკრაინა) მიესალმება და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ აგრესიის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის დაგმობის ფაქტს და სამართლებრივ რეაგირებას ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებზე.

შესაბამისად, მოუწოდებენ კონსტიტუციურ მართლმსაჯულების სხვა ინსტიტუტებს, რომ არ დარჩნენ აგრესიისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულების მიმართ გულგრილები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განცხადების ტექსტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციაზე " რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და 'ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის' შესახებ.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ასოციაციის მე-3 კონგრესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ შორის, პოლონეთის საკონსტიტუცი ტრიბუნალის განაცხადი ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე და მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმად პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალი 2018 წლის 16 მაისს, მე-3 კონგრესზე მონაწილეობას მიიღებს, როგორც ასოციაციის ახალი წევრი სასამართლო.

2018 წლის იანვრიდან ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარეობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უწევს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ასოციაციის მესამე კონგრესი 2018 წლის 16-17 მაისს ქალაქ თბილისში გაიმართება.

ასოციაციის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაცია და ასოციაციის წევრებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავება.