საერთაშორისო ურთიერთობები

ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით მადრიდში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სამართლის კონგრესში. ღონისძიებას 2019 წელს მადრიდი მასპინძლობს.

რიგით 26-ე კონგრესს ორგანიზებას უწევს “მსოფლიო იურისტთა ასოციაცია” (WJA), რომლის ერთ-ერთი მასპინძელი ესპანეთის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოა. კონგრესი კონსტიტუციის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას დაეთმობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კონტექსტში. ღონისძიებაში მონაწილეობენ წამყვანი სამართალმცოდნეები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და მოსამართლეები უმაღლესი ეროვნული სასამართლოებიდან.

26-ე კონგრესი დღეს გაიხსნა. ხვალ, ზაზა თავაძე მოხსენებით მიმართავს კონგრესის მონაწილეებს და ისაუბრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ. იგი ყურადღებას გაამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. ზაზა თავაძე ასევე მოდერაციას გაუწევს სესიას, რომელიც ევროპის კონტინენტზე კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმობა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონგრესის მონაწილეთა შეხვედრა ესპანეთის სამეფოს მონარქთან და პრემიერ-მინისტრთან.

კონგრესის მუშაობა 20 თებერვალს დასრულდება.