საერთაშორისო ურთიერთობები

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის (WCCJ) მე-5 კონგრესში

4 - 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს მდივანმა, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა და სასამართლოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღეს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის (WCCJ) მე-5 კონგრესში.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის მე-5 კონგრესის თემას წარმოადგენდა: „კონსტიტუციური მართლმსაჯულება და მშვიდობა“, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, განიხილეს შემდეგი საკითხები: „წყაროები და განსჯადობა“, „საკონსტიტუციო სასამართლოების როლის ფარგლები მშვიდობის შენარჩუნებაში“, „ფუნდამენტური პრინციპები: ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, როგორც მშვიდობის წინაპირობა“, „წევრი სასამართლოების დამოუკიდებლობის მიმოხილვა“.

4 ოქტომბერს კონგრესის ფარგლებში გამართულ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის (CECC) შეხვედრაზე იმსჯელეს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ბიუროს წევრად ევროპიდან წარდგენილი კანდიდატების შესახებ. გენერალური ასამბლეის სხდომაზე ბიუროს ინდივიდუალურ წევრად ევროპის რეგიონიდან აირჩა ლატვიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო.

6 ოქტომბერს, გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილეს ლიეტუვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წინადადება კონფერენციის წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტის დამტკიცების შესახებ. კერძოდ, წინადადების მიხედვით წევრი სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის შემთხვევაში, ბიუროს და გენერალურ ასამბლეას უნდა მიენიჭოს უფლება ამ სასამართლოს არა მხოლოდ შეუჩეროს, არამედ შეუწყვიტოს ორგანიზაციაში წევრობა. აღნიშნული ცვლილების განხილვის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართა კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციას გაერთიანებაში მისი წევრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2011 წლიდან არის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის წევრი (WCCJ). მსოფლიო კონფერენციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის სასამართლო დიალოგს გლობალურ დონეზე. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 119 საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტურ ინსტიტუტს. კონფერენციას აქვს მმართველობის სამი ორგანო: გენერალური ასამბლეა, ბიურო და სამდივნო. კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის საქმიანობა რეგულირდება კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის წესდებით.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ბიურო შედგება რეგიონალური და ენობრივი ჯგუფების წარმომდგენლებისგან. კერძოდ, მასში შედის ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის, აზიის საკონსტიტუციო სასამართლოების ასოციაციის და მასთან გათანაბრებული ინსტიტუტების, ფრანკოფონური ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების ასოციაციის, ევრაზიის ასოციაციის კონსტიტუციური კონტროლის ორგანოების, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის, აფრიკის კონსტიტუციური მართლმსაჯულების კონფერენციის; კონსტიტუციური მართლმსაჯულების იბერო-ამერიკული კონფერენციის; სამხრეთ აფრიკის სასამართლოების თავმჯდომარეთა ფორუმის, არაბეთის საკონსტიტუციო სასამართლოების და საბჭოების კავშირის თავმჯდომარეები. აგრეთვე, ბიუროს ინდივიდუალური წევრებია კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის კონგრესების მიმდინარე (ინდონეზიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე) და კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის მე-4 კონგრესის ორგანიზატორი - ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. აგრეთვე, არჩეული კანდიდატები აფრიკის, ამერიკის, აზიის და ევროპის კონტინენტების საკონსტიტუციო სასამართლოებიდან, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამდივნო.