საერთაშორისო ურთიერთობები

სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2023 წლის 4-5 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და სასამართლოს მდივანმა, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, ქ. ბერლინში, მონაწილეობა მიიღეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა კონგრესში. კონგრესის თემას წარმოადგენდა: „კლიმატის ცვლილება როგორც გამოწვევა კონსტიტუციური სამართლისა და საკონსტიტუციო სასამართლოებისთვის“.

კონგრესის სამი სამუშაო სესია მოიცავდა დისკუსიას შემდეგ ურთიერთმკვეთ თემებზე: კლიმატის ცვლილების შეკავების ეკონომიკური და ეკოლოგიური საფუძვლები; საკონსტიტუციო სასამართლოების განსჯადობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმეებზე; კონსტიტუციური პასუხისმგებლობის ცნება: მიზეზშედეგობრიობა, დაცვის ვალდებულება და თავისუფლებები; საკონსტიტუციო სასამართლოების პოტენციალი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში: შესაძლებლობები და შეზღუდვები პოლიტიკურ პროცესში.

კონგრესზე მოხსენებით წარდგნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლის თავმჯდომარე, პოტსდამის ინსტიტუტის კლიმატის ზეგავლენის კვლევითი ცენტრის დირექტორი; აგრეთვე, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარე, სლოვენიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, საფრანგეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს, ნიდერლანდების უზენაესი სასამართლოს, იტალიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები; შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს, ავსტრიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს, ხორვატიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები; გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ღონისძიების ფარგლებში, კონგრესის მონაწილეებისთვის ოფიციალური მიღება გამართა და კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.