საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს იურიდიულ საკითხებში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს მაიკლ გრანტს უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში ნატა წნორიაშვილი.

მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობის აშშ-ში ვიზიტი შეაჯამეს და საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

მაიკლ გრანტმა გამოხატა აშშ-ს საელჩოს უპირობო მხარდაჭერა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში, ისევე როგორც, ზოგადად, მართლმსაჯულების განვითარების თვალსაზრისით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და წარმომადგენლების შესაძლო ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება.