სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

2021 წლის 24 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელები №1424 და №1490).

სადავო ნორმა ადგენს ადვოკატისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობას.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადვოკატისთვის ერთი კონკრეტული ასოციაციის სავალდებულო წევრობის დადგენა გამორიცხავს მის მიერ სხვა ასოციაციის შექმნას და, შესაბამისად, ლახავს მისი მეწარმეობის თავისუფლებას. ამასთან, სავალდებულო წევრობის დადგენით გამოირიცხება სხვა ასოციაციების არსებობა, რაც ადვოკატთა ასოციაციას მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს. დამატებით, სავალდებულო წევრობის მოთხოვნა გაუმართლებლად ზღუდავს ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების კონსტიტუციურ უფლებასაც.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.