სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2021 წლის 15 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1546 და 1595 კონსტიტუციური სარჩელები).


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.


სადავო ნორმები ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს - 65 წელს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წლით.
მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორები აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რამდენადაც კონკრეტული კვალიფიკაციის, უნარებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, ბლანკეტურად ვრცელდება ყველა 65 წელს მიღწეულ პირზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობისა და საჯარო თანამდებობიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს.


იმავდროულად, №1546 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნორმა, რომელიც ადგენს ნოტარიუსის საქმიანობის გაგრძელების საგამონაკლისო წესს, არ ითვალისწინებს სათანადო კრიტერიუმებსა და გარანტიებს, რითაც ასევე ირღვევა საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების უფლება.


საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.


დავის საგანი: ა) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.