სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1712 კონსტიტუციური სარჩელი)

2023 წლის 8 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1712 კონსტიტუციური სარჩელი).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლებს და ადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებამოსილებას, მოითხოვოს კანონის საწინააღმდეგოდ შეგროვებული/დამუშავებული მონაცემების დაბლოკვა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საერთო სასამართლოებმა სადავო ნორმები განმარტეს იმგვარად, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებისას, გარკვეულ შემთხვევებში, გამოირიცხება შეჩერებული აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა. ამავდროულად, საერთო სასამართლოების განმარტებით, კანონსაწინააღმდეგოდ ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ცნების დეფინიციის ქვეშ.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების მსგავსი შინაარსით გამოყენების შედეგად, მას შეეზღუდა ყოფილი მთავარი პროკურორის, იმჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგის თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებულ განკარგულებაზე წვდომა. მოსარჩელის პოზიციით, თანამდებობის პირთა შემოსავლებთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია მაღალი ლეგიტიმური ინტერესი, რათა არ მოხდეს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, უკანონო შემოსავლების მიღება. ამდენად, ინფორმაცია, რომელზე წვდომაც მოსარჩელეს შეეზღუდა, ეხება განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს. შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშვნით, ამგვარ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვის „დაიბლოკოს“, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „დაბლოკოს“ და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.