სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1583)

2022 წლის 3 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1583).

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრულ ასაკს - 50 წელს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მსგავსად საერთო სასამართლოს მანდატურისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურსაც არ მოეთხოვება განსაკუთრებული ფიზიკური და გონებრივი აქტივობა. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა რაციონალურ კავშირში არაა იმ ლეგიტიმურ მიზნებთან, როგორიცაა სასამართლოს შენობაში მყოფ პირთა და შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე სხდომაზე წესრიგის დაცვა. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 50 წლის ასაკს მიღწევა არ მიუთითებს იმაზე, რომ პირს დაქვეითებული აქვს სასამართლოს მანდატურისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები, არამედ მისი აზრით, 50 წლის ასაკშიც, იგივე წარმატებით, შესაძლებელია მანდატურზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, როგორც ამას ასრულებს 40 ან 45 წლის პირი. მოსარჩელის მოსაზრებით, საკითხი შეძლებს თუ არა ესა თუ ის პირი მანდატურის უფლებამოსილების წარმატებით განხორციელებას დამოკიდებულია არა ასაკზე, არამედ ამ უკანასკნელის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე. ხოლო, ამის შემოწმება შესაძლებელია მოხდეს რეალურად ეფექტური და ნაკლებად ხისტი ღონისძიებების გამოყენებით, როგორიცაა დამსაქმებლის მიერ პირისთვის ფიზიკური და ინტელექტუალური გამოცდების პერიოდული ჩატარება.

მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ 50 წელს მიღწეული და 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმია დადგენილი იმ პირებთან შედარებით, ვისაც ჯერ არ მიუღწევია ზღვრულ ასაკს. ამდენად, 50 წლის ასაკის მიღწეული პირები, ერთი მხრივ, კარგავენ უფლებას, დაიკავონ მანდატურის თანამდებობა, მეორე მხრივ კი, მათ მიმართ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ამგვარი, ასაკზე მიბმული საფუძველი არ არსებობს 50 წელს მიუღწეველ პირებთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სახეზეა შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული N3/2/767,1272 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგინდა, რომ საერთო სასამართლოების მანდატურისთვის ასაკის ზედა ზღვრად 50 წლის დაწესება არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებებს. მოსარჩელის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი კანონმდებლობით, საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურების ფუნქციები არსებითად იგივეა და საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სადავო ნორმა უნდა ჩაითვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, არსებითად განხილვის გარეშე.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.