სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1566 კონსტიტუციურ სარჩელზე

2022 წლის 21 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1566).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტის საფუძველს, კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საქმის შეწყვეტას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, არსებითად განსახილველად მიიღოს კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროს მოქმედი, თუმცა რეგისტრაციის შემდგომ ძალადაკარგულად ცნობილი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები.

მოსარჩელის განმარტებით, კონკრეტული ვადით მიღებული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმატიული აქტები, მართალია, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ფორმალურად ძალას კარგავს, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოში/საერთო სასამართლოებში საქმის განხილვისას, შესაძლოა, კვლავ წარმოადგენდნენ გამოსაყენებელ სამართლებრივ აქტს და მათ საფუძველზე მოხდეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს გარანტიას, პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე და მას ჰქონდეს ამ აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების ეფექტიანი საშუალება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ავალდებულებს, შეწყვიტოს საქმე პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლით, ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.