სიახლეები

გიორგი თევდორაშვილის ფიცის დადების ცერემონია

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ. მან წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა სასამართლოს ახალ წევრს მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

სტუმტრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

გიორგი თევდორაშვილი 2021 წლის 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის N287 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აკადემიური და პროფესიული საქმიანობის მიმართულებით. მოსამართლედ დანიშვნამდე, 2012 წლიდან - 2021 წლამდე, მას ეკავა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. 2003 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის ასოცირებული პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი. საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების თანაავტორი.