სიახლეები
დასრულდა საზაფხულო სკოლა “გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში”
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის საზაფხულო სკოლის - „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში“ - დახურვის ცერემონია.
სკოლის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტურავამ და თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ნათია ხანთაძემ, ასევე, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა უილიამ (ბილ) რიჩიმ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) იურიდიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბალანჩივაძემ.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე აშშ-ის სასამართლოს რელევანტური სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზი. ლექციებს უძღვებოდნენ: ბილ რიჩი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დავით ზედელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული-პროფესორი, ქეთი მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ნათია ხანთაძე - ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და ლევან მაისურაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. სკოლის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
საზაფხულო სკოლა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წელს მეოთხედ გაიმართა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG), ასევე, GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.