სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და შენახვის წესები
2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის (კონსტიტუციური სარჩელი N625) და საქართველოს მოქალაქეების გიორგი ბურჯანაძის, ლიკა საჯაიას, გიორგი გოცირიძის, თათია ქინქლაძის, გიორგი ჩიტიძის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (კონსტიტუციური სარჩელი N640) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ იყო გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს) ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდა კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და ამ მიზნით სათანადო აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსების შესაძლებლობა. ამავე დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, განეხორციელებინა კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი 2 წლის ვადით შენახვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს ამ ტექნიკური საშუალებებით, თუმცა რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს.
ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა რა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულება მოითხოვს, როგორც ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ისე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, აუცილებლად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუცილებელი და გონივრულად საკმარისი დროის გათვალისწინება. ასეთ ობიექტურად საკმარის ვადად საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი მიაჩნია.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის მოკლე აღწერა
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სატელეფონო მოსმენების განსახორციელებლად ორეტაპიანი ელექტრტონული სისტემის ფლობის, განთავსებისა და მისი უშუალოდ გამოყენების გზით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა, ასევე კავშირგაბმულობის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს შემდეგი გარემოებები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ფარული მოსმენების განსახორციელებლად და ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგის საჭირო ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების „მასიურ“ (პრაქტიკულად შეუზღუდავ) შესაძლებლობას იძლევა. ეს შესაძლებლობა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის ამჟამადხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების სიმძლავრით არის შეზღუდული, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს ამ სისტემის ადმინისტრირებას, ფლობს და კომუნიკაციის წყაროებთან განათავსებს ტექნიკურ საშუალებებს. ამ პირობებში პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, გასცეს თანხმობა „ობიექტის აქტივაციაზე“ (მოსმენებზე) და განახორციელოს აღნიშნული სისტემის შემოწმება, მართალია, ემსახურება პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხის შემცირებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება ამ პროცესზე გარე კონტროლის საკმარის და ეფექტურ შესაძლებლობად. მით უფრო, რომ მომეტებულია პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკი ინფორმაციის ფარულად ისეთი ტექნიკური საშულებებით მოპოვების შემთხვევებში, რომლებიც არ ითვალისწინებენ ზედამხედველობის (კონტროლის) ეფექტიან მექანიზმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი მოდელი არა მხოლოდ ვერ გამორიცხავს, არამედ თავისთავად ზრდის უფლების დარღვევის საფრთხეს და ვერ ჩაითვლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ და პროპორციულ საშუალებად, ამდენად, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და შენახვის წესი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება, ის წარმოადგენს დანაშაულის გამოძიებისათვის საჭირო მექანიზმს და ასევე შეიძლება იქნეს ეფექტურად გამოყენებული სამაშველო სამსახურების მიერ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთი ინფორმაციის შენახვა გონივრული დროით, თავისთავად, არ იწვევს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევას, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა იმ ორგანოს მიერ, რომელიც თავად ახორციელებს გამოძიებას (ან იმყოფება ასეთი ორგანოს უშუალო დაქვემდებარებაში, ან პროფესიულად არის დაინტერესებული ამგვარი ინფორმაციით), ზრდის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს. იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირადი ხასიათის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების 2 წლამდე ვადით შენახვა წარმოადგენს არაგონივრულად ხანგრძლივ პერიოდს და იწვევს უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა არ გამორიცხავს სამაშველო სამსახურების მიერ კონკრეტული პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ნაწილზე (რომელიც, მაგალითად, სამაშველო სამსახურს პირის ლოკაციის დადგენის შესაძლებლობას აძლევს) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამგვარი შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალურად დადგენილი წესით, რომელიც არ გამორიცხავს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე წვდომის კონტროლის ეფექტურ შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის მოქმედი წესი.