სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება №1505, №1515, №1516 და №1529 კონსტიტუციურ სარჩელებზე

2021 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1505, №1515, №1516 და №1529 კონსტიტუციური სარჩელები („პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

განსახილველ საქმეში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით საქართველოს მთვარობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრისა და რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე კი, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების სადავო ნორმებით საქართველოს მთავრობის მიერ დადგინდა მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა ის უფლებამოსილი სუბიექტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის შესახებ.

მოსარჩელე მხარე განმარტავდა, სადავო ნორმების საფუძველზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირს ევალება თვითიზოლაციაში ყოფნა ან ხდება მისი საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ პირის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას. ამასთანავე, მოსარჩელეთა პოზიციით, გადაწყვეტილება კონტაქტირებული პირის განცალკევების შესახებ მიიღება არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ, რაც არღვევს დასახელებული კონსტიტუციური დებულების ფორმალურ მოთხოვნას, პირის თავისუფლების შეზღუდვის პროცესში სასამართლოს სავალდებულო ჩართულობის შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირის თვითიზოლაციასა თუ საკარანტინე სივრცეში გადაყვანით იზღუდება კონკრეტული სივრცის - საცხოვრებელი სახლისა თუ კარანტინში მოთავსების ადგილის დატოვება, შესაბამისად, სახეზეა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. თუმცაღა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის კონკრეტულ ადგილზე დაყოვნება მისი ნების საწინააღმდეგოდ, და მისთვის გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას და დამატებით უნდა შეფასდეს სხვა, რიგი ფაქტორები, მათ შორის, პირისთვის კონკრეტული სივრცის დატოვების აკრძალვის მიზნები, მისი სამართლებრივი სტატუსი, პირის მოქმედების თავისუფლებისა და მის ნებაზე ზემოქმედების მასშტაბი და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონტაქტირებული პირისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის შემცირება და ამ პირის მიმართ არ ხორციელდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისაკენ მიმართული კანონით დადგენილი ღონისძიებები. შესაბამისად, კონტაქტირებულ პირს თვითიზოლაციაში/კარანტინში ყოფნისას არ გააჩნია რაიმე ისეთი სამართლებრივი სტატუსი, რაც აუცილებელს გახდიდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების ამოქმედებას. ამასთანავე, კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია ნებისმიერი მიზნით, შეუზღუდავად ისარგებლოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებითა და ინტერნეტით, დაკავდეს ნებისმიერი საქმიანობით და მისი ქცევა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არ ექვემდებარება რაიმე ტიპის კონტროლს ან კორექციას, განსხვავებით დაკავებული ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირებისაგან.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის განცალკევება, რაც გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვას, წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის (ფიზიკური თავისუფლების), არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) შეზღუდვას.

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით საქართველოს მთავრობას მიენიჭა საკუთრების უფლების, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის აბსოლუტური უფლებამოსილება. მათი პოზიციით, საქართველოს პარლამენტმა ძირითად უფლებათა შეზღუდვის დელეგირებისას თავად არ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის შინაარსი, ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა, რაც, ფაქტობრივად, უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებაზე უარის თქმას. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლება კონკრეტული მიზნებით - ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის. ამასთანავე, საკანონმდებლო აქტში განმარტებულია როგორც იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიებების შინაარსი, ისე ჩამოთვლილია ის ძირითადი უფლებები, რომელთა შეზღუდვის უფლებაც ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებას. გარდა ამისა, განსაზღვრულია სხვა დამატებითი პრინციპები, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას, კერძოდ, შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელმა საკმარისი სიცხადით განსაზღვრა უფლებამოსილების გადაცემის მიზანი, შინაარსი და ფარგლები, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ აქტებზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანოებმა, მათ შორის, სასამართლომ, სათანადოდ შეაფასოს თუ რამდენად თავსდება საქართველოს მთავრობის ქმედებები დელეგირების განზრახულ ფარგლებში და პასუხობს თუ არა იგი კანონის მოთხოვნებს.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად მოხდა, სადავო ნორმებით, საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი თუ პოლიტიკური მიმართულებების ფუძემდებლურ პრინციპებს, გავლენას ახდენს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე ან/და მძიმე ფორმით ერევა ინდივიდის ძირითად უფლებებში, და ამგვარი საკითხები უნდა წესრიგდებოდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამ დელეგირების ფარგლებში აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა არა პირთა გადაადგილებასთან, საკუთრების უფლებასა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით ყოველგვარი შეზღუდვის შემოღებისა და თავად ამ უფლებათა არსის განსაზღვრის უფლებამოსილება, არამედ განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული, დროებითი შეზღუდვების დადგენის კომპეტენცია. ამდენად, დელეგირებული უფლებამოსილებათა არსის, მათი ინტენსივობის და დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, სადავო ნორმებით არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკანონმდებლო უფლებამოსილების გადაცემა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის და ამ კუთხით, სადავო ნორმები არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.

მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს შრომითი უფლებების ორგანული კანონის საფუძველზე მოწესრიგების ვალდებულებას და, ამიტომ, სწორედ ამავე გზით უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლების შეზღუდვის დელეგირება სხვა ორგანოზე. მოსარჩელეთა პოზიციით, საქართველოს მთავრობას, ნაცვლად ორგანულ კანონისა, ორდინარული კანონის საფუძველზე გადაეცა შრომით უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ საკითხის ორგანული კანონით ან კანონით მოწესრიგებაზე მითითება, თავისთავად, არ გამორიცხავს პარლამენტის შესაძლებლობას, მოახდინოს საკითხის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე, თუმცა, ეს უნდა განხორციელდეს უშუალოდ ანალოგიური ლეგიტიმაციის მქონე საკანონმდებლო აქტით, ამ შემთხვევაში კი, ორგანული კანონით. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, „საქართველოს შრომის კოდექსი“ მიუთითებდა შრომითი უფლებების სპეციალური კანონმდებლობით - ამ შემთხვევაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგების შესაძლებლობაზე და ამ მხრივ, უფლებამოსილების დელეგირება ორგანული კანონის საფუძველზე განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ასეთი მოწესრიგება ფაქტობრივად ნიშნავს უფლებამოსილების საკუთარ თავზე დელეგირებას, რაც შეუთავსებელია როგორც უფლებამოსილების დელეგირების ზოგად ფუნქციასა და მიზნებთან, ისე შესაბამისი კონკრეტული საკითხის ორგანული კანონმდებლობით მოწესრიგების კონსტიტუციურ ლოგიკასთან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ განხორციელებულა სათანადო ფორმით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი:

ა) №1505 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა.ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ა.ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადების და მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

ბ) №1515 კონსტიტუციურ სარჩელზე: ბ.ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

გ) №1516 კონსტიტუციურ სარჩელზე: გ.ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ.ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

დ) №1529 კონსტიტუციურ სარჩელზე: დ.ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ.ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.