ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმაცია 2019 წელს საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს სასამართლოს მიერ 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტატისტიკას, საჯარო კომუნიკაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოველწლიურად წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის პრაქტიკით მნიშვნელოვანი განმარტება ჩამოაყალიბა მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის, მეწარმეობის თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების უფლების ცალკეულ ასპექტებთან მიმართებით, სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან, მსჯავრდებულთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებასთან და სასამართლოს აქტებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანი უფლებრივი სტანდარტები დადგინდა სპონტანური პროტესტის ფარგლებში გამოხატვასთან დაკავშირებით და გამოხატვის თავისუფლების ფორმალურ მოთხოვნებთან და გამოხატვის რეგულირების დელეგირებასთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ განაახლა და საპილოტე რეჟიმში აამოქმედა საკუთარი ვებგვერდი. ვებგვერდის მთავარი სიახლეა საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების სხვა დოკუმენტების საძიებო სისტემა. სისტემაში გაერთიანდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების ფარგლებში დამუშავებული დოკუმენტები და მათი კლასიფიკატორები. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკონსტიტუციო სამართალწარმოების ელექტრონული სისტემა, რომელიც იძლევა საქმის მასალების ელექტრონულად დამუშავებისა და სისტემატიზაციის შესაძლებლობას.

ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.