სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა პირველი კონსტიტუციის იუბილესთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 102 წლის იუბილეს!
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რაც უდავოდ ღირსშესანიშნავი მოვლენაა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. პირველ კონსტიტუციას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს.
ბევრი შეიძლება ითქვას იმის თაობაზე, თუ რამდენად პროგრესული დოკუმენტი იყო საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმდროინდელ ევროპაში. იგი აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობის პრინციპს, გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, წოდებრივი განსხვავების არარსებობა, ქალთა საარჩევნო უფლება. აღსანიშნავია, რომ ქალთა თანასწორი საარჩევნო უფლების აღიარება მანამდე კანონის დონეზე მოხდა, უფრო ადრე, ვიდრე არაერთ ევროპულ სახელმწიფოში; გაუქმებულ იქნა სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯის გამოყენება; განმტკიცებულ იქნა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი, ისევე როგორც უმცირესობათა უფლებები, ასევე სხვა ძირეული სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური უფლებები.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდეგ, მალევე შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა კონსტიტუციის პროექტის შემუშავება. კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დაწყება და სამუშაო პროცესის ქრონიკა ნათელყოფს ქართული პოლიტიკური კლასის მოწიფულობას. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, იმდროინდელ ევროპაში, სადაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იმპერიების დაშლის შედეგად, ახალი სახელმწიფოები წარმოიქმნა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო გადაედგა კონსტიტუციური აღმშენებლობის მსგავსი გაბედული სახელმწიფოებრივი ნაბიჯი.
კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესი ცალკე აღნიშვნის ღირსია. აღმაფრთოვანებელია კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცესი, რომელიც საკითხის სიღრმისეულ, ყოვლისმომცველ შესწავლასა და ევროპული ტრადიციების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ეფუძნებოდა და, ამასთანავე, იყო ინკლუზიური, რომელშიც თანაბრად და აქტიურად მონაწილეობდა დამფუძნებელი კრების ყველა პოლიტიკური პარტია.
საომარი მდგომარეობის გამო, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, დევნილი ხელისუფლების მიერ, 1921 წელს პირველად სწორედ ბათუმში დაიბეჭდა, ქალაქში, სადაც, სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს.
დღეს მოქმედი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ის იდეოლოგიური საწყისები, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს. იგი იმავდროულად ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარების საწინდარია.
ყველას გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს!
მერაბ ტურავა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე