სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამოქალაქენო, ქალბატონებო და ბატონებო,

28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც დასაბამი დაუდო თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას. კონსტიტუციის მიღებას, ერთი მხრივ, წინ უძღოდა მტკიცე ერთიანობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის მიმართ, რაც 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა, ხოლო შემდეგ, უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისი და სოციალური ძნელბედობა. ძირითადი კანონის შემუშავების იმდროინდელი ქრონიკა ცხადყოფს ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. სწორედ ამ ფონზე იქნა მიღებული კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ორიენტირი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ის იდეოლოგიური მსოფლმხედველობა, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას, სწორედ 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს, რომელიც, ამავდროულად, შთაგონების წყაროა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე. საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუცია აგრძელებს 1918-1921 წლების პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებს და საქართველოს განვითარების ორიენტირს დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების ჩარჩოში განსაზღვრავს.

1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია რამდენჯერმე გადაისინჯა. საქართველოს ძირითადი კანონი კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ სამართლებრივ სივრცეს. მოქმედი კონსტიტუციით (78-ე მუხლი) გარანტირებული სახელმწიფოებრივი მისწრაფება, საქართველოს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციისკენ, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, რომლის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ვალია.

საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ინსტიტუციური განვითარების დიდი გზა განვლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელმაც ღირებული წვლილი შეიტანა საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარების, კონსტიტუციის უზენაესობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს. კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციის პროცესში თითოეული ინდივიდის როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, საქართველოს განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!

მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ბათუმი, 2023 წლის 24 აგვისტო