ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინ

2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1346).

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ნორმას, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექტუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირებთან მიმართებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მსმ პირებისათვის დონორობის უფლება გაცილებით ხანგრძლივად იზღუდება, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მტკიცებით, არაპროპორციულად იზღუდებოდა თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები. მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდნენ ნორმის  საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

მოპასუხე მხარის პოზიციით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. ამასთანავე, მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არსებითად განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პირებს დონაციის უფლებას უზღუდავდა უვადოდ, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმით ეს უფლება შეზღუდული იყო დროებით - 10 წლის ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს  მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით.

განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის 31 მარტამდე.

დავის საგანი: „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის  5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან (საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.