სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელები
2020 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. კერძოდ, განსაზღვრულია კანდიდატთა შერჩევის თითოეულ ეტაპზე კენჭისყრის პირობები, შესარჩევ კანდიდატთა ოდენობა და თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობის მინიჭების წესი. ამასთან, მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის ვერარჩევის შემთხვევაში, არსებული ვაკანსიის შესავსებად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის ხელახლა წარდგენის წესი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შერჩევის სამართლიანი პროცედურებით განხორციელებას, რადგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატები შეირჩევა ფარული კენჭისყრით და აღნიშნული გადაწყვეტილება არ საბუთდება, რაც შესაძლებელს ხდის, საბჭოს წევრთა მიერ ისეთი კანდიდატები იქნენ შერჩეულნი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს. ამგვარი პროცედურა კი ართულებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მიკერძოების შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც არღვევს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას. იმავდროულად, მოსარჩელეთა განმარტებით, მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურების საფუძველზე შექმნილ და დაკომპლექტებულ სასამართლოს გააჩნია კონსტიტუციურსამართლებრივი ლეგიტიმაცია, რასაც ეჭვქვეშ აყენებს ზემოხსენებული პროცედურა და, შესაბამისად, იწვევს ნებისმიერი პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა არ წარმოადგენს კონკურსს, არამედ პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც გამორიცხავს მასზე საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლების გავრცელებას. ამასთანავე, კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს არა საუკეთესო, არამედ იმ კანდიდატის შერჩევა, რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმის მიცემის ფარულობა იცავს საბჭოს წევრს გარე ფაქტორების ზეგავლენისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების მოთხოვნები. სასამართლომ ხაზი გაუსვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაში საქართველოს პარლამენტის გადამწყვეტ როლს და აღნიშნა, რომ ხსენებული პროცესი, მიუხედავად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგინების ეტაპის არსებობისა, არჩევითი თანამდებობის ელემენტებით ხასიათდება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურისთვის დადგენილი სტანდარტები ვერ იქნება სრულად რელევანტური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების არსებული კონსტიტუციური მოდელი, მისი შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი, მიუთითებს, რომ ამ ორგანოს, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, შესწევს უნარი, კანდიდატთა შერჩევის პროცესში იხელმძღვანელოს მარტოოდენ კონსტიტუციის მოთხოვნებით. ამასთან, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა უმაღლეს ლეგიტიმაციას სძენს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულ პირებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის რამდენიმე ეტაპის არსებობა და ყველა ეტაპზე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გამოკვლევისა და ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობა, საბოლოოდ, განაპირობებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატთა წარდგენის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი გადაწყვეტილება არ საბუთდება. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ კენჭისყრის ფარულობა, ძირითადად, ემსახურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღები პირის დაცულობას. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რატომ უზრუნველყოფს კენჭისყრის ღიაობა პროცესის უფრო მეტად კონსტიტუციურ ფარგლებში წარმართვას, ვიდრე ფარულობა.
სასამართლომ კანდიდატთა მიერ თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების წესთან მიმართებით მიუთითა, რომ პირის სპეციალობით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მისი კვალიფიკაციის ხარისხობრივი მსაზღვრელი და ობიექტური კრიტერიუმია და არ ქმნის კანდიდატთა უფლების თვითნებურად შეზღუდვის საფუძველს. ამრიგად, სასამართლომ სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან შეუსაბამოდ არ მიიჩნია.
სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედ კონსტიტუციურსამართლებრივ წესრიგში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების ნიშნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას ყველა იმ პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ, ვის საქმესაც სადავო ნორმების საფუძველზე შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, თეიმურაზ ტუღუშისა და თამაზ ცაბუტაშვილი განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: ა) №1459 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2 და მე-10 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებებისა და მე-13 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) №1491 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.