სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ დასრულდა

2 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ დასრულდა, რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ  მონაწილეებს  სკოლის  დასრულება მიულოცა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. სკოლის მსმენელებს ასევე სიტყვით მიმართეს ანა ფირცხალაშვილმა (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი) და გიორგი ვაშაკიძემ (USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობა საქართველოში“ წარმომადგენელი). ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორები და მონაწილეები ესწრებოდნენ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეთაგან გამოვლინდა 4 საუკეთესო სტუდენტი: მარიამ ნუცუბიძე, ანა ჯაბაური, ანა მაღლაფერიძე და შოთა ქობალია, რომელიც ასევე გახდა იმიტირებული სასამართლო პროცესის საუკეთესო მონაწილე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ პროფესიული საქმიანობა სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების გზით.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და სამართალწარმოების პროცედურებზე, ნარკოტიკული დანაშაულების კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების შესახებ საქართველოში, ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებზე, ნარკოდამოკიდებულებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ევროპის კავშირის საკონსტიტუციო სამართალზე. საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები.

საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; ასევე მოწვეული პროფესორები: იან კომარეკი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის პროფესორი;  რობერტ შაპირო - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი; ჰანს კრომბაგი - სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის კვლევის ცენტრის პროფესორი; ენდრიუ კოპელმენი - ნორზვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; ეკჰარდ პახე - ვიურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წლიდან  ყოველწლიურად მართავს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. წელს, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 27 საუკეთესო სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.