სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2021 წლის 7 აპრილს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1441).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.
პატიმრობის კოდექსის სადავო ნორმები დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ ადგენს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას. ასევე, განსაზღვრავს ამგვარი სახდელის გამოყენების შესაძლებლობას გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის/აკრძალვის ფარგლებში, მათ აგრეთვე ეზღუდებათ სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის ცხელი ხაზი წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ და ამასთანავე შეუცვლელ მექანიზმს სახალხო დამცველის მიერ არასათანადო მოპყრობაზე მყისიერი რეაგირებისა და ამგვარი შემთხვევების პრევენციისათვის. შესაბამისად, ნორმები, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით, ბლანკეტური აკრძალვის დაწესებით, ვერ პასუხობს სახელმწიფოს მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პოზიტიურ ვალდებულებებს.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.