სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1505, №1515, №1516 და №1529 კონსტიტუციურ სარჩელებს

2020 წლის 17 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1505, №1515, №1516 და №1529).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე. ინფორმაცია არსებითი განხილვის ონლაინ ტრანსლირების ელექტრონული ბმულის შესახებ გავრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში სხდომის დაწყებამდე.

განსახილველ საქმეში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით საქართველოს მთვარობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრისა და რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე კი, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების სადავო ნორმებით საქართველოს მთავრობის მიერ დადგინდა მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა ის უფლებამოსილი სუბიექტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის შესახებ.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, მათ საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა, არამედ მას ასევე შეუძლია კანონით განსაზღვრული წესებისაგან განსხვავებული რეგულირებების დადგენა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ უფლებები იზღუდებოდეს საქართველოს პარლამენტის, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ კანონის მიღებისათვის დამახასიათებელი გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცედურის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პარლამენტს თავად არ მიუღია გადაწყვეტილება უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორებიცაა - უფლების შეზღუდვის შინაარსი და ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა. ამდენად, ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებაზე და გადაწყვეტილების მიღებას ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენენ კონსტიტუციურ უფლებებზე, სრულიად ანდობს საქართველოს მთავრობას.

კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების, ისევე როგორც შრომის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით, რაც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირებას. ამასთანავე, მოსარჩელეთა განმარტებით, პირის იზოლაციასა და კარანტინში მოთავსება წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას, რაც უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმები პირის იზოლაციაში მოთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას მიანდობს აღმასრულებელ ხელისუფლებას ისე, რომ არც წინასწარ ხდება სასამართლოს ნებართვის აღება და არც პირის იზოლაციაში მოთავსების შემდგომ ხორციელდება აღნიშნული კონტროლი. ადამიანთა ფიზიკური თავისუფლების მსგავსი ინტენსივობით შეზღუდვა კი, ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

1505 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადების და მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

№1515 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მეორე წინადადებების და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

№1516 კონსტიტუციურ სარჩელზე:ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

№1529 კონსტიტუციურ სარჩელზე:ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.