სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 4 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქართველოს მოქალაქეების - გუჩა კვარაცხელიას, გივი ცინცაძის, გიორგი თავაძის, ელიზბარ ჯაველიძის და სხვების (სულ 17 მოსარჩელე) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №863).

მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ რეგულაციას, რომელიც გამორიცხავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში - აკადემია) ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 70 წლის ასაკს გადაცილებული პირის არჩევის შესაძლებლობას.

მოსარჩელეების განმარტებით, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება მხოლოდ აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს) გააჩნიათ, რომელთა უმრავლესობის ასაკი, დღეს არსებული მდგომარეობით,  აღემატება ან მიახლოებულია  სადავო ნორმით დაწესებულ ასაკობრივ ზღვარს. შესაბამისად, ადმინისტრაციული თანამდებობის არჩევნების დროისათვის, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილოს ვერც ერთმა აკადემიკოსმა და ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რაც აკადემიის ფუნქციონირებას შეუძლებელს გახდის.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულირება დისკრიმინაციულია, რადგან 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მქონე აკადემიკოსებს, მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე, ერთმევათ უფლება, მიიღონ მონაწილეობა აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის არჩევნებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.  

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია

დავის საგანი: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს მე-14 მუხლთან მიმართებით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.