სიახლეები

საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №765 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმას, რომლის თანახმადაც, ახალი მტკიცებულების გამოვლენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. მისი პოზიციით, ვინაიდან მას არ ჰქონდა სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა, ერღვეოდა სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები.

მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამარტივებს სამართალწარმოებას და ხელს უწყობს საქმის სწრაფად გადაწყვეტას. შესაბამისად, სადავო ნორმა ემსახურებოდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმურ მიზნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ახალი მტკიცებულების გამოვლენის საფუძვლით საქმის წარმოების განახლებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეუძლია ამ მტკიცებულებას გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების საბოლოო შედეგზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ შესწავლას და ზოგიერთი ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენას საჭიროებს. ამავე დროს, შესაძლებელია, ხსენებულ წარმოებას შედეგად მოჰყვეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევებში არსებობს ზეპირი მოსმენის ჩატარების აღმატებული საჭიროება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების წესის მომწესრიგებელ ნორმას. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება, თუ გამოვლენილია ახალი მტკიცებულება, რომელიც საქმის განხილვისას, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი გამოიწვევდა სხვა, განმცხადებლისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უქმდება და საქმის განხილვა თავიდან იწყება.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ერთი მხრივ, იცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობასა და შეუქცევად აღსრულებას, მეორე მხრივ, ადგენს პირის უფლებას, სათანადო საფუძვლების არსებობისას მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებების გამო გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს პირის უფლებას, თუ სათანადოდ არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მცდარობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები და გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგების სრული გაუქმების, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის რევიზიის აუცილებლობაზე. მაგალითად, შესაძლებელია, მოსამართლე მივიდეს დასკვნამდე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება საქმის განხილვის სტადიაზე რომ ყოფილიყო ცნობილი, შესაძლოა გამოეწვია მხარის მოთხოვნის შემცირება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის რომელიმე ასპექტის შეცვლა და ა.შ. ამის მიუხედავად, სადავო ნორმის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შეტანილი განცხადების საფუძვლიანობის შემთხვევაში (ანუ თუ დადგინდება, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება/მტკიცებულება განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა), ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე სრულად უქმდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილების გადახედვის წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით გადაწყვიტოს, რა ფარგლებში გაუქმდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების და 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.