სიახლეები

საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 3 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება №765 კონსტიტუციური სარჩელი (დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგ ნორმებს, რომლთა მიხედვითაც, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობას ამოწმებს თავისი ინიციატივით, ამასთან, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ასევე სადავოდ არის გამხდარი ნორმა, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო აუქმებს თავისი განჩინებით, რის შემდგომაც საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი საქმის წარმოების განახლების პროცედურა ეწინააღმდეგება საპროცესო თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს. სადავო  წესის  შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ საქმის განხილვა თავიდან იწყება  და მხარეებს საშუალება ეძლევათ საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინონ ახალი, განსხვავებული მტკიცებულებები, რომელთა შესახებ საქმის განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული არ ყოფილა. ამასთან, განახლებულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ძველი გადაწყვეტილების იდენტურიც რომ იყოს, მოწინააღმდეგე მხარეს მაინც აქვს ზედა ინსტანციებში გასაჩივრების უფლება, რაც იწვევს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მხარეთათვის სამართლებრივი შედეგის დაყოვნებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის  უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მესამე ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების და 430-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.