ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1412)

2019 წლის 28 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1412).

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს პიროვნების დადგენის მიზნით პირის ადმინისტრაციული დაკავების საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ პირის ადმინისტრაციული დაკავება (რომელიც, ზოგადი წესის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს  12 საათს) შეიძლება გაგრძელდეს 48 საათამდე, თუ დაკავების პერიოდი არასამუშაო დროს ემთხვევა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია და იძლევა პირის თვითნებური დაკავების შესაძლებლობას. ამავე დროს, ხდება გაუმართლებელი დიფერენცირება არასამუშაო და სამუშაო დროს დაკავებული პირების მიმართ, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების პიროვნების დასადგენადკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.