სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს №633 და №634 კონსტიტუციურ წარდგინებებზე
2016 წლის 13 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“ (რეგისტრაციის №633 და №634) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც თუ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ახალი კანონი გააუქმებდა ქმედების დანაშაულებრიობას, სასამართლო მაინც ვალდებული იყო გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისგან გათავისუფლებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის გასამართლების არსი მდგომარეობს არა მხოლოდ სასჯელის დაკისრებაში, არამედ მის გაკიცხვაში ჩადენილი ბრალეული ქმედებისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმება ხდება იმის გამო, რომ აღნიშნული ქმედება საზოგადოებაში აღარ აღიქმება საზოგადოებრივად საშიშ ქმედებად, ანუ ხდება ქმედების დეკრიმინალიზაცია, წარსულში ამ ქმედების ჩამდენი პირის დასჯის ინტერესი აღარ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებდა პირის, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ ხდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, იგი იწვევდა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თანმდევი ისეთი ცალკეული იძულებითი ღონისძიებებისა თუ სამართლებრივი შედეგების დადგომას, რომლებიც მის მდგომარეობას აუარესებდა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუკი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პირის პასუხისმგებლობას, მას უნდა მიენიჭოს უკუძალა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არ შეესაბამებოდა კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებას, შესაბამისად, იგი ცნო არაკონსტიტუციურად და გამოაცხადა ძალადაკარგულად.