სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1441 კონსტიტუციური სარჩელი

2021 წლის 5 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1441 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

პატიმრობის კოდექსის სადავო ნორმები დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შემთხვევებს, რაც იმავდროულად გულისხმობდა მათთვის სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლების შეზღუდვას.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად,ცხელი ხაზი წარმოადგენდა სახალხო დამცველის მიერ არასათანადო მოპყრობაზე მყისიერი რეაგირებისა და ამგვარი შემთხვევების პრევენციისათვის ყველაზე ეფექტურ და შეუცვლელ მექანიზმს. შესაბამისად, ნორმები, რომლებიც ბლანკეტურად კრძალავდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ პოზიტიურ ვალდებულებებს.

მოპასუხე მხარის პოზიციით, მართალია, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი სახელწიფოს აკისრებდა პოზიტიურ ვალდებულებას, მოახდინა წამებისა თუ სხვაგვარი არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტების პრევენცია შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების საფუძველზე, ასევე, განახორციელებინა სწრაფი და ეფექტური გამოძიება სავარაუდო დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული საკითხების მოწესრიგება სცდებოდა სახალხო დამცველის კომპეტენციას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ვერ იქნებოდა პატიმრისათვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის უფლების უზრუნველყოფა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს და პატიმრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნეს მასთან წვდომის შესაძლებლობა ისეთი გონივრული სიხშირით, რომელიც არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი პრევენციის ქმედითი და მყისიერი ბერკეტებით აღჭურავს მას.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახალხო დამცველის ცხელი ხაზი წარმოადგენდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და სავარაუდო ფაქტების გამოვლენის ეფექტიან და შეუცვლელ ბერკეტს, ხოლო სადავო ნორმები განსაზღვრავდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი ინიციატივით სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობის უპირობო, აბსოლუტური ხასიათის აკრძალვას, როგორც დისციპლინური სახდელის სახეს, რომელიც გამოიყენებოდა საკმაოდ ხანგრძლივი დროით, რის გამოც სადავო ნორმები ვერ პასუხობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულ მოთხოვნებს.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.