სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2019 წლის 20 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1337).
საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან, საჩუქრის სახით, მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ვინაიდან უსაფუძვლოდ ამცირებს იმ მემკვიდრის წილს სამკვიდრო ქონებაში, რომელსაც სამკვიდროს გახსნამდე მამკვიდრებელმა ჩუქებით გადასცა ქონება. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით კანონმდებელი არა მარტო იმ მემკვიდრეს ზღუდავს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე 5 წლით ადრე მამკვიდრებელისაგან ჩუქებით მიიღებს ქონებას, არამედ თავად მამკვიდრებელსაც. ამგვარი რეგულაცია აიძულებს მამკვიდრებელს, თავი შეიკავოს სიცოცხლეში თავისი მემკვიდრისათვის ქონების ჩუქებისგან, იმის შიშით, რომ გარდაცვალების შემდეგ ამ მემკვიდრის წილი სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ შემცირდება.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.