სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2019 წლის 17 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1350).

სადავო ნორმის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიხედვით, უკვე დანიშნული  სასჯელი მცირდება ახალი კანონით დადგენილი სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე, ხოლო თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია სასჯელის ზომა უცვლელი რჩება. მოსარჩელის პოზიციით, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი თავიდან უნდა დაინიშნოს, იმის მიუხედავად, ექცევა თუ არა იგი ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის გადახედვის წესი ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელების კონსტიტუციურ უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება).

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.