ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2020 წლის 28 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1437).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები საქართველოს მთავრობას ანიჭებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილებას და ადგენს აღნიშნული მომსახურების ფიქსირებულ ოდენობებს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირება კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა და მომსახურების საფასურის დადგენა უნდა შეეძლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს, განხორციელებული ინვესტიციის, ხარჯების, მოგებისა და შემოსავლების გათვალისწინებით. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული მომსახურების საფასურის ფიქსირებული ოდენობის განსაზღვრა, გაურკვეველ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, დაუსაბუთებლად ზღუდავს მისი საკუთრების უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის და ხსენებული დანართის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.