სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1691 კონსტიტუციური სარჩელზე

2022 წლის 17 ნოემბერს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზეგიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, სსიპივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1691).

სადავო ნორმები, ერთი მხრივ, კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების აკადემიურ საბჭოებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს არსებითად თანასწორი პირების - 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირების დისკრიმინაციულ დიფერენცირებას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეფასებული თანამდებობის მსგავსად, უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებს 65 წლის ასაკს მიღწეული პირი. არამედ, მოსარჩელეების მიერ კანონითა და შრომითი ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება მოითხოვს გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსს, პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ, განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, მიიღოს განჩინება სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

საქმეს განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 36- მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის 1106 ბრძანების 59- მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის 36/2012 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.