სიახლეები
განმწესრიგებელი სხდომა №1323 კონსტიტუციურ სარჩელზე
2022 წლის 24 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ააიპ „აპრიორი“, ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1323).
დავის საგანს წარმოადგენს: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 45-ე მუხლთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის უფლებამოსილებებს, ასევე ადგენს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის საკითხს.
მოსარჩელეების განმარტებით, სადავო რეგულაცია საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლების მქონე სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია არჩევნებზე გამოცხადებული/გამოუცხადებელი ამომრჩევლების შესახებ და ამგვარად, მოახდინონ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის კონტროლი. აღნიშნული კი, მოსარჩელეთა პოზიციით, იწვევს მათი საარჩევნო უფლების დარღვევას.
მოსარჩელეები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შეუძლებლობას. მოსარჩელეთა განმარტებით, ხსენებული განაპირობებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე განხორციელების შესაძლებლობას. მოსარჩელეები დამატებით მიუთითებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნაზე/არჩევაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანდიდატის მიერ გასაჩივრების შეუძლებლობაზე და აღნიშნავენ, რომ სადავო რეგულაცია არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.