სიახლეები

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქეები გურამ იმნაძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ის“ და საქართველოს მოქალაქეების გურამ იმნაძისა და სოფიკო ვერძეულის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №690).

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები პირის კერძო თუ ზოგადად საჯარო სივრცეში ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის, ფარული კინო და ფოტოგადაღების, სატელევიზიო კამერებისა და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს სასამართლოს ნებართვის გარეშე. მოსარჩელეთა აზრით აღნიშნული ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, პირისთვის უცნობია, რომ მის მიმართ გამოიყენება ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, შესაბამისად  ერთმევა შესაძლებლობა მის მიმართ განხორციელებული ქმედების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით მიმართოს სასამართლოს.

მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმები შეიცავენ იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად №2/1/484 და №1/2/519  გადაწყვეტილებებით და შუამდგომლობდნენ, სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში  სადავო ნორმები გამოეცხადებინა ძალდაკარგულად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოქმედი სადავო ნორმები შეეხება ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების გამოყენებას კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, რის შესახებაც სასამართლოს არასდროს უმსჯელია. შესაბამისად, ამ ღონისძიებების გამოყენებას კონტრდაზვერვის მიზნებისთვის შესაძლოა განსხვავებული მიზნები და ფარგლები ჰქონდეს, წარმოშობდეს განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობებს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებთან მიმართებით.  აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მხარე ითხოვს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას“  და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის  არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.