სიახლეები

ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

№693 და №857 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ითხოვენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც ადგენს პერსონალური მონაცემების შემცველი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის წესსა და საფუძვლებს. 

მოსარჩელეთა განცხადებით, მათთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სასამართლოს აქტის გამოთხოვისას, სადავო ნორმების საფუძველზე, ხდება მასში არსებული ყველა იმ ინფორმაციის დაშიფვრა, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს. მათი აზრით, არსებობს თუ არა აღნიშნული მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაფარვის აუცილებლობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს იმ საქმეში მოცემული პერსონალური მონაცემების დაფარვის ლეგიტიმური ინტერესი, რომლის განხილვაც მოხდა  სასამართლოს ღია სხდომაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება სახელმწიფო დაწესებულებიდან  ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლებას, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 22 დეკემბერს არსებითად განსახილველად მიიღო ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ (კონსტიტუციური სარჩელი №693) და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (კონსტიტუციური სარჩელი №857) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.