სიახლეები

ა.წ. 11 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება კონსტიტუციური სარჩელის N671 არსებითად მიღების საკითხის განხილვის სხდომა

2017 წლის 11 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „სსიპ “საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“,  სსიპ „ქრისტეს ეკლესია“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ და სსიპ „წმინდა სამების ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელეები ასაჩივრებენ საქართველოს საპატრიარქოსთვის სადავო ნორმით დაწესებულ შეღავათებს, რითაც საქართველოს საპატრიარქო გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდისაგან, აგრეთვე, საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრების და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით სადავო ნორმები უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან შედარებით, რის გამოც ილახება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის უფლება.

სარჩელის არსებითად მიღების საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ“ ქვეპუნქტის სიტყვების, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა  საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.