სიახლეები

ა.წ. 10 თებერვალს 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N809 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის ტიტიკო ჩორგოლიანის კონსტიტუციურ სარჩელს (რეგისტრაციის N809).

მოსარჩელე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმას, რომელიც ადგენს, რომ „დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს“.  

მოსარჩელის მტკიცებით, დაცვის მხარის ვალდებულება, ბრალდების მხარეს გადასცეს მისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული მტკიცებულებები, მათ შორის, მისივე ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები პირველადი გამოკვლევისათვის, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს და ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრინციპებს. მოსარჩელის აზრით, ბრალდების მხარისთვის დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებული მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის უფლების დაკანონებამ წარმოშვა ახალი უთანასწორობა და ბრალდების მხარეს მიანიჭა დაუსაბუთებელი პრივილეგია.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა  საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მერვე პუნქტებთან მიმართებით.