სიახლეები

ა.წ. 6 თებერვალს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება შპს „სკს“-ს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს „შპს „სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N655) არსებითად განხილვას.

მოსარჩელე ითხოვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზეც.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა „საქართველოს ფოსტისგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე არ ავრცელებს რა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, „შპს საქართველოს ფოსტას“ ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარზე, რითაც სხვა კომპანიებს უზღუდავს შესაძლებლობას თანაბარ კონკურენტულ გარემოში შესთავაზონ საკუთარი სერვისი სახელმწიფო ორგანოებს.

მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ(თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარების უფლება) და მე-2 წინადადებასთან (მონონპოლიური საქმიანობის აკრძალვა).

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია

სადავო ნორმები: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი.