სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ელჩს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების შესახებ ესაუბრა. ამასთანავე, მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერილი პროექტების მნიშვნელობა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების და, საზოგადოდ, საქართველოში სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით.

მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ელჩ დანიგანს ვიზიტისთვის და საქართველოს ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოში როგორც მართლმსაჯულების, ასევე ეკონომიკური განვითარების, სოციალური თუ სხვა საჭირო მიმართულებებით.