სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

2021 წლის 4 მარტს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს არსებით განხილვას საქმეზე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1423).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში გასაჩივრებული ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რელიგიური ანდა მორალური გრძნობების დაცვის მიზნით, პირისთვის რეკლამის განთავსებისა ანდა გავრცელების აკრძალვა არღვევს როგორც გამოხატვის, ისე შემოქმედების თავისუფლებას. ამასთან, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას ეწინააღმდეგება სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. გარდა ამისა, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისათვის.