სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“

2022 წლის 21-22 ივნისს 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე- „გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (№1564 კონსტიტუციური სარჩელი).

დავის საგანს წარმოადგენს: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 251 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილია, რომ მოხელე ზემდგომი (პირველი, მეორე და მესამე) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

სადავო ნორმებით, ასევე განისაზღვრება დახურული კონკურსის გამოცხადება ზემდგომი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და დადგენილია, რომ შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.

მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პირი სრულად აკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანტური პოზიციის მიმართ დადგენილ საკვალიფიკაციო და შესაბამისი ფუნქციების განსახორციელებლად აუცილებელ სხვა მოთხოვნებს, მაგრამ არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში და არც მოხელეთა რეზერვში ირიცხება, სადავო ნორმების საფუძველზე, მოკლებულია შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამსახურის მასშტაბით შიდა და დახურულ კონკურსებში. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა.

მოსარჩელე მხარე, ასევე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ვინაიდან სადავო ნორმების საფუძველზე ხორციელდება დიფერენცირებული მოპყრობა, ერთი მხრივ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, საჯარო მოხელის რეზერვში მყოფ პირებსა და მეორე მხრივ, იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში ან არ ირიცხებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე პირი არახელსაყრელ მდგომარეობაში ექცევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას გააჩნია საჯარო მოხელის ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მსგავსი ან უპირატესი კვალიფიკაცია, ცოდნა და კომპეტენცია. აღნიშნული დიფერენცირებული მოპყრობა კი ქმნის კვალიფიციური კადრების კონკურსის მიღმა დარჩენის საფრთხეს.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.