სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“

2022 წლის 11 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1528).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს, რომ საქართველოში არ ხდება პირის მიერ მიღებული იმ განათლების აღიარება, რომელიც მან შეიძინა უცხოეთში, დისტანციური სწავლების შედეგად, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა.

მოსარჩელე განმარტავს, რომ დისტანციური სწავლება განათლების მიღების ერთ-ერთ თანამედროვე ფორმას განეკუთვნება, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი აზრით, გასაჩივრებული რეგულაციები არათანაზომიერად ერევა განათლების ფორმის არჩევის უფლებაში.

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

დავის საგანი: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.