სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1542 კონსტიტუციური სარჩელი)

2022 წლის 24 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1542 კონსტიტუციური სარჩელი).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის წესი არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.

მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა ქმნის შესაძლებლობას ბრალდებულისაგან მაინკრიმინირებელი ინფორმაციის მიღებისა და შემდგომში, ბრალდებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, ამ ინფორმაციის ბრალდების სასარგებლო მტკიცებულებად გამოყენებისთვის. კერძოდ, ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი უფლებამოსილია, ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - პირის გამოკითხვა, რომელიც ნებაყოფლობითია, თუმცა ხასიათდება გამოსაკითხი პირის თვითინკრიმინაციისგან დაცვის გაცილებით დაბალი სტანდარტით, ვიდრე ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამოკითხვის ჩატარების შემთხვევებშია უზრუნველყოფილი. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა პოტენციური ბრალდებულისგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი გამოკითხვის წესის გვერდის ავლით მოიპოვონ მისი მაინკრიმინირებელი ინფორმაცია.

მოსარჩელე მიუთითებს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ ამგვარი გამოკითხვის პარალელურად ხდება გამოკითხვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და დოკუმენტირება, რათა მოგვიანებით, საქმის არსებითი განხილვისას, აღნიშნულ ინფორმაციას მიენიჭოს მტკიცებულების მნიშვნელობა, რომელზეც არ გავრცელდება ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის წესი. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი).

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით.