სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“ (№1545 კონსტიტუციური სარჩელი)

2022 წლის 27 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1545).

დავის საგანს წარმოადგენს „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბერის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმები განსაზღვრავს იმ დოკუმენტთა ნუსხას, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა საცნობი ნიშნის მისაღებად, ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალურ პირობებს ავრცელებს მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებზე, ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს კი ამგვარი პირობების გავრცელების მიღმა ტოვებს მაშინ, როდესაც ასეთ პირებს, შესაძლებელია, აღენიშნებოდეს იმგვარი ფიზიკური შეზღუდვა, რომელიც საჭიროებს გადაადგილებისთვის/პარკირებისთვის სპეციალური პირობების შექმნას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მისაწვდომობის (მათ შორის, ტრანსპორტით გადაადგილების) უფლების რეალიზების ხელშეწყობისთვის. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვებით კი, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარკვეულ კატეგორიას, კერძოდ: ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს დამატებით დაბრკოლებას უქმნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.