სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1676)

2022 წლის 15 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1676).

სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების წესს, რომლის თანახმადაც, „მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში“.

მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს სადავო წესის იმ შინაარსს, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესად განისაზღვრება მისი ერთადგილიან საკანში განთავსება. მისი განმარტებით, მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, დაწესებულების ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული თავისთავად წარმოშობს რისკს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა, შესაძლოა, ბოროტად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განუსაზღვრელი ფარგლები, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის ან სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმს. ამრიგად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.